სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები კვლავ განახლდა - გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში
რა იქნება უკრაინის შეტევისთვის მზადყოფნის ინდიკატორი
“ბიბისის” სკანდალური სტატია თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, სადაც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული და შეფასებები თბილისში
* * *
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები კვლავ განახლდა - გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა - მორიგ შეიარაღებულ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც. მომხდარში მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სიტუაცია ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება, მაგრამ, ტემპერატურის აწევა მუდმივად იქნება, რათა რუსეთის დუმილის ფონზე, ბაქომ ერევანი აიძულოს, რომ მის პირობებს დათანხმდეს. ამასთან, აცხადებენ, რომ რომ ასეთი პატარ-პატარა ინციდენტების შემდეგ, აზერბაიჯანი პოზიციებს იმყარებს. ის ახლა ლაჩინის ხეობას მთლიანად აკონტროლებს, მოძრაობა ჩაკეტილი აქვს და პრაქტიკულად ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია ბლოკირებულია. ის, რომ შეტაკებები განახლდა, ინფორმაციას აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები კვლავ განახლდა - გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში.
“აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა “შესაბამისი საპასუხო ზომები” მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ “სომხეთის პროვოკაციის” შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. “11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ “აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით”. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მოგვიანებით, სომხურმა მხარემ იმავე მიმართულებაზე აზერბაიჯანი ნაღმმტყორცნის გამოყენებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის თავდაცვით ზომებს იღებენ. მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება “შედარებით სტაბილური” რჩება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ის ტერიტორია გააკონტროლოს, რომელიც საერთაშორისო სამართლით მას ეკუთვნის, სომხეთს კი ამ პატარ-პატარა ინციდენტებით აიძულებს, რომ ახალ რეალობას შეეგუოს. რუსეთი კი ამ საქმეში არ ერევა და ბაქო ამით უფრო შეგულიანებულია”, - განაგრძობს გამოცემა.
“ადგილზე ხდება ის, რომ აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი აიძულოს, რომ ახალ რეალობას ანგარიში გაუწიოს. ახალი რეალობა კი ისაა, რომ აზერბაიჯანი აპირებს მთლიანად ის ტერიტორია გააკონტროლოს, რომელიც საერთაშორისო სამართლით მას ეკუთვნის. გარკვეულ ნაწილს სომხები აკონტროლებენ, რუსების ე.წ. სამშვიდობოების დახმარებით. აშკარად რუსეთს არ უნდა, რომ ამ საქმეში ჩაერიოს და გარკვეულწილად ირიბად აზერბაიჯანის მხარესაა, რაც აშკარად სომხეთს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. აზერბაიჯანი შეგულიანებულია, რომ რუსეთი საქმეში არ ერევა და ცდილობს ასეთი პატარ-პატარა ეპიზოდებით სომხეთი აიძულოს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და ტერიტორია აზერბაიჯანს დაუთმოს. სხვა შანსებს არ უტოვებს, სომხეთი დიდ ომში ვერ ჩაერთვება, რადგან აშკარად ჩანს, რომ აზერბაიჯანი დაამარცხებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ასეთი პატარ-პატარა ეპიზოდები ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მეოთხეჯერ მოხდა - პატარა დარტყმებია და სადაც კი აზერბაიჯანელები სომეხ სამხედროებს ხედავენ, იქ ხდება ესკალაცია, მერე ერთმანეთს აბრალებენ ვინ დაიწყო, მაგრამ იმდენად დაფარული სიტუაციაა, რომ ამას ვერავინ ვერ გაარკვევს. ფაქტია, რომ ასეთი ექსცესების შემდეგ, აზერბაიჯანი პოზიციებს იმყარებს, თანაც ის ახლა მთლიანად ლაჩინის ხეობას აკონტროლებს, მოძრაობა ჩაკეტილი აქვს და პრაქტიკულად ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია ბლოკირებულია. იქ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, რომლებსაც აზერბაიჯანი თავის მოქალაქეებად თვლის. საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რომელიც ჩემი აზრით, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება, მაგრამ ტემპერატურის აწევა მუდმივად იქნება, რათა რუსეთის დუმილის ფონზე, სომხეთი აიძულონ, რომ აზერბაიჯანის პირობებს დათანხმდეს”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.
“იქ დიდი შეიარაღებული ძალები თავმოყრილი არაა, თანაც ყველაფერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხდება, სომხეთს ძალიან პატარ-პატარა ჯგუფები ჰყავს. აზერბაიჯანს ამბიცია არ აქვს, რომ სომხეთის ტერიტორიას შეუტიოს, მისი მთავარი ამოცანაა შეავიწროვოს და იქ არსებული სომხური და ყარაბაღის შენაერთები საკუთარი ტერიტორიიდან განდევნოს. მგონია არავითარი საფუძველი არ არსებობს სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჭრით უპასუხოს, მისი ჯარები ჯერ სუსტია და იქ მხოლოდ პატარა ფრაგმენტები დგანან. ძალები ძალიან უთანასწოროა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ამ ფონზე ვერ ვხდავ ფართომასშტაბიანი შეტაკება რატომ და როგორ უნდა განვითარდეს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
რა იქნება უკრაინის შეტევისთვის მზადყოფნის ინდიკატორი
“უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ოკუპატების ძირითადი სამიზნე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია. ისინი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი შ-300 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე. ამასთან, რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და ცდილობს ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ბრძოლა გრძელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იქნება უკრაინის შეტევისთვის მზადყოფნის ინდიკატორი.
“სასტიკი ბრძოლებო გრძელდება ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვისაც. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 8 დარტყმა მიაყენა. ამასთან, უკრაინელებმა რუსების კუთვნილი “მი-24” ტიპის ვერტმფრენი, ასევე 9 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ გამარჯვებულია ის, ვინც ბოლომდე იბრძვის. “ჩვენ ახლა ომის ისეთ ეტაპზე ვართ, როცა მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და პარტნიორებისთვის, არ დაკარგონ იმ გზის შეგრძნება, რომელიც უნდა გადავლახოთ. შარშანდელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ომი უგულებელვყოთ ან ნაკლებად ორიენტირებული ვიყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე. არაგონივრულია გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც იარაღს აწვდის, ვინც ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს ამცირებს და უკრაინის პოტენციალს ზრდის”, - აცხადებს ზელენსკი. უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევა შეიძლება ზაფხულში დაიწყოს, - ამის შესახებ კი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პრემიერის თქმით, კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წნეხი სწორედ უკრაინული საზოგადოებისგან მოდის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა არ განიცდის წნეხს პარტნიორების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პარტნიორსა და მეგობარს მკაფიოდ ესმის, რომ კონტრშეტევაზე გადასასვლელად საჭიროა 100%-იანი მზადყოფნა და მეტიც. “არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, ისეთს, როგორიც არის ტანკები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალები“, - განაცხადა შმიგალმა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად”, განაგრძობს გამოცემა.
“მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიაღწევენ იმას, რასაც კარგი ლიდერები, დიდი ლიდერები აღწევენ. მათ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა წარმატების მისაღწევად”, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინას აქტიური ოპერაციებისთვის შესანიშნავი გეგმა აქვს, მაგრამ დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო გარემოცვამ იცის. ოსტინმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, “იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაწყვეტენ შეტევითი ოპერაციების დაწყებას”, - აღნიშნა მან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის ნიშნები არ ჩანს. თუმცა ეს კარგიც შეიძლება იყოს, რადგან მოულოდნელობის ეფექტი ბევრად უკეთესი იქნება. შესაძლოაა უკრაინა ამისთვის ემზადება კიდევაც და ცდილობს ეს ღია ნაბიჯები არ იყოს. თუმცა, ახლა წყაროებიდან რა ინფორმაციაც გამოდის, უკრაინელების დაახლოებით 40-ათასიანი დაჯგუფება შეიქმნა და ასევე, სამხედრო ტექნიკის მიღებაც ხდება. მისი აზრით, ახლა რუსეთი შეტევით იმპულსს კარგავს და უკრაინას შეტევისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევა”, - დასძენს გამოცემა.
“გადავა თუ არა უკრაინა შეტევაზე, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, იარაღს რამდენად დროულად მიიღებს. ის რაც უკრაინას ახლა შეტევისთვის სჭირდება, დროში აღარ უნდა გაიწელოს. კონტრშეტევის მზადების ინდიკატორია ისიც, რომ უკრაინამ მიიღო დიდი რაოდენობით ჯავშან-სატანკო დანაყოფების მხარდამჭერი ტექნიკა, საევაკუაციო გადამზიდავი, საინჟინრო ტექნიკა და ა.შ. ამიტომ ვვარაუდობ, რომ სწორედ ამის შემდეგ უკვე საბრძოლო ტექნიკას მიიღებს. ის, რაც ახლა უკრაინამ მიიღო, არ არის იმ მასშტაბის რაოდენობის შეიარაღება, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეს, თუმცა გააჩნია მასშტაბს. თუმცა, უკრაინელებმა კონტრშეტევაც რომ წამოიწყონ და ფრონტის ხაზი გაარღვიონ, გარღვეულ დერეფანს შენარჩუნება სჭირდება. იქ სხვა ეშელონის შეყვანაა საჭირო, რათა გარღვვეის მონაკვეთი შეინარჩუნო. ამიტომ ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. თუკი უკრაინელები რუსებზე თავდასხმას ყველაზე მოწყვლადი აზოვის ზღვა-ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებაზე აპირებს, გარღვევის შემდეგ მოუწევთ ორივე მხრიდან რუსების მოგერიება. რუსები მათ დონეცკიდან და ხერსონიდან შეუტევენ. ამიტომ ამისთვის მომზადებული და კარგად აღჭურვილი შემტევი ჯგუფია საჭიროა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“ბიბისის” სკანდალური სტატია თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, სადაც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული და შეფასებები თბილისში
“ბიბისი” მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს, ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად კი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მოიხსენიებს. სტატიაში საქმე ეხება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, “ბიბიბის” საგამოძიებო სტატია ააშკარავებს იმ თაღლითურ სქემას, რომელიც დიდი ხანია ევროპაში მოქმედებს და რომელშიც ქართველები მონაწილეობენ და პირდაპირ თუ არა “პანამის ოფშორული დოკუმენტებიდან” ირკვევა, რომ ამის ორგანიზატორი დავით კეზერაშვილია. აღნიშნულს გამოეხმაურა, როგორც “ქართული ოცნება”, ისე ოპოზიცია - მმართველი პარტიის შეფასებით, “ფული, რომელსაც დავით კეზერაშვილი ქართულ მედიაში, პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ხარჯავს, არის როგორც ქართული ჯარისგან, ისე პენსიონერებისგან მოპარული”. ოპოზიციაში კი აზრი იყოფა - ნაწილი იმედგაცრუებულია ნაწილი კი ამბობს, რომ “თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება””, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ბიბისის” სკანდალური სტატია თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, სადაც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული და შეფასებები თბილისში.
“ბიბისის” ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული “მილტონ გრუპის” კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ “მილტონის” სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. “ბიბისიმ” ოთხის: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს “პანამა ფეიფერის” დოკუმენტებშიც მიაგნო. სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება. “კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა... “მილტონთან” დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი “მილტონ გრუპში" იყო ჩართული”,- ვკითხულობთ სტატიაში. როგორც “ბიბისი” წერს, კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები “მილტონ გრუპთან” და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან პირადად გასაუბრებაზე თავი შეიკავა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ევროპულ ქვეყნებს არის შეფარებული და იქიდან ურევს საქართველოში არსებულ სიტუაციას. “თაღლითური სქემა, რომელიც “ქოლ-ცენტრებით” იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული... სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას”, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, “ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა. ფული, რომელსაც დავით კეზერაშვილი ქართულ მედიაში, პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ხარჯავს, არის როგორც ქართული ჯარისგან, ისე პენსიონერებისგან მოპარული”, - თქვა პაპუაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” დაწერა. “ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება... „ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე, ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე”, - წერს ნიკა მელია. ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ სამთავრობო პროპაგანდას სურს ამ თემით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს, როგორიც არის მოსამართლეთა სანქცირება, რიკოთზე არსებული პრობლემა და კენიაში ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებული სკანდალი”, - განაგრძობს გამოცემა.
“ფაქტი არის, რომ ეს ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის, არც ევროპელი სამართალდამცავი ორგანოებისგან. ამიტომ ეჭვი მაქვს და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც “ქართული ოცნების” პირდაპირი ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და კიდევ სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის, სანქცირების და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდად”,- განაცხადა ბეჟაშვილმა. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, “ბიბისი” კეზერაშვილის გვარს შემთხვევით არ გამოიტანდა, რომ თუნდაც ირიბი მტკიცებულება არ ჰქონდეთ, რომ ამ სქემაში არა მხოლოდ ჩართული, არამედ ორგანიზატორიც იყო”, - დასძენს გამოცემა.
“საქმე იმასთან გვაქვს, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო მასშტაბის მსხვილ კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რომლის მეშვეობითაც მან ალბათ ის კაპიტალი დააგროვა, რომელიც დააგროვა და რომლის გამოყენებასაც ის აპირებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად და საქართველოში მედიასაშუალებების დასაფინანსებლად, რომ ისინი იქნენ გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტები კონკრეტული პოლიტიკური პროცესების ინიცირებისთვის. მან ინტერვიუში ღიად განაცხადა კიდეც, ამ სკანდალური მასალის გამოქვეყნებამდე. პარტიებით და მედიით არ შემოიფარგლა და სამოქალაქო სექტორსაც გადასწვდა. მისივე კონტროლირებადი ტელევიზიიდან პირდაპირი მესიჯი გაუგზავნა, რომ მე კი არა, თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩემთან და დახმარება მთხოვოთო, დაახლოებით ასეთი გზავნილი ჰქონდა. ეს ერთ ერთი მთავარი კრიტერიუმია, რაც ოლიგარქის საქმიანობას ახასიათებს, როდესაც ის დიდ ფულად რესურსებს ფლობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბეჟაშვილი.
“კეზერაშვილის შემთხვევაში სიტუაცია რთულდება იმით, რომ მისი ფულადი რესურსების წარმომავლობის კანონიერება დიდი ეჭვის ქვეშ დგას. ეს მხოლოდ ევროპელი პენსიონერებით მოტყუების შედეგად მიღებული ფული არაა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტატუსით მისი საქმიანობა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ვიცით, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს. “ყველაფერი ხელის გულზე დევს. “ბიბისის” ცნობილ რეპორტაჟში არის ასეთი ფრაზა, რასაც კეზერაშვილის წარმომადგენლები ჩამოეკიდნენ, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა დოკუმენტები, რომელიც მის ჩართულობას ადასტურებსო. მაგრამ ე.წ. პანამის დოკუმენტების მიხედვით, მისი გვარი ფიგურირებს. “ბიბისი” მის გვარს შემთხვევით არ გამოიტანდა, რომ თუნდაც ირიბი მტკიცებულება არ ჰქონდეთ, რომ ის ამაში არა მხოლოდ ჩართული, არამედ ორგანიზატორიც იყო”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.
“ის მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ არც კი მალავდნენ, რომ კეზერაშვილთან პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებდათ”, - განაცხადა ანჯაფარიძემ. მან იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც კეზერაშვილის შესახებ სტატიაზე კომენტირებისას ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ “თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება”. “სად ბაობაბის თემა და სად ეს კარგად აწყობილი კორუფციული სქემა, რაღაცა ხომ უნდა ეთქვათ, ხავსმოჭიდებული წყალწაღებულის მდგომარეიბაში არიან და ცდილობენ რაღაც მოიფიქრონ. ალბათ ახლა ტელევიზიებში უკვე შემზადებული სიუჟეტები წამოვა, რომლითაც შეეცდებიან ეს პიროვნება გაათეთრონ, რადგან ის მათი ძირითადი ფინანსური სპონსორია და თუ მას ფინანსური პრობლემები შეექმნება, პრობლემები შეექმნებათ იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებსაც აფინანსებს. ზუსტად ისე, როგრიც ზაზა ოქუაშვილის შემთხვევაში მოხდა”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.