ევროკავშირის კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. გერმანიის ელჩი პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორ აფასებს გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტს, რამდენად მოსალოდნელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და რა პოზიცია აქვს ოფიციალურ ბერლინს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამ და სხვა თემებზე, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს...
საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი. ჩვენ გვინდა საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ და გვინდა იგი ქართველებმა გაამდიდრონ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში გყავთ, რომელთა იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ“ - ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვები, რომელიც საქართველოს რამდენიმე კვირის წინ ეწვია. როგორც გერმანიის ელჩი, როგორ შეაფასებდით ვიზიტს და რა იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ გზავნილები?
- ვიზიტი ძალიან კარგი და წარმატებული იყო. მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ. მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მოდის როგორც მეგობარი და იგრძნო, რომ როგორც მეგობრებმა, ისე მიიღეს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებაზე, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ, იმის შესახებ მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს. ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა.
ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს. თქვენ არ შეგიძლიათ გაიაროთ რადარის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანება ან მიღება ყოველთვის არის ბალანსი, ერთი მხრივ, ჩვენს წესებს შორის (ჩვენ გვაქვს წესები და გვაქვს სტანდარტები და ისინი დაფიქსირებულია, მეორე მხრივ კი ამას პრაგმატიზმი და გეოპოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს.
ჯერჯერობით, ევროკავშირის თითოეული გაფართოება წარმატებული იყო და ეს აღმოჩნდა დადებითი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ისეთ სივრცეში, რომელიც არის ვაკუუმი და სადაც ძალები, რომლებიც არც ისე მეგობრულები არიან, ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოზე. ასე რომ, თუ ეს არის საქართველოს ინტერესი და მე მჯერა, რომ ეს ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, დეკემბერში ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მან თქვა, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ შანსის გამოყენებაში.
- რამდენად იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას განხილვის საგანი საქართველოს მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის ის განცხადებები, რომლებიც ანტიდასავლურად ფასდება და ის განცხადებებიც, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს, მათ შორის, მოსკოვთან ორმხრივი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას უკავშირდება. ხომ არ უნდა შეფასდეს გერმანიის საგარეო უწყების პირველი პირის თბილისში ჩამოსვლა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი გაფრთხილება, რომ „წითელი ხაზები“ არ გადაკვეთოს?
- მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვიცი ვინ არის „გლობალური ომის პარტია“. ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც გლობალურ ომის პარტიას და მეორე ფრონტს და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი, ვის გულისხმობენ. არა მგონია, ეს იყოს დასავლეთი.
რაც შეეხება, ფრენებს ჩვენ, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით ამ ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით.
ასე რომ, ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ, თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, შენს მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ.
- 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. თებერვალში ევროკავშირმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობის შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყნის, გერმანიის წარმომადგენელი, თქვენი აზრით, რა გაჩვენათ ევროკომისიის შეფასებამ? თქვენი დაკვირვებით, რამდენად ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას?
- მე არ ვარ მომხრე ზედმეტად დეტალური და ყოველწუთიერი შეფასებისა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადები, გვაქვს გარკვეული მოხსენებები და არის გადამწყვეტი მომენტები, როდესაც ევროკავშირი იტყვის იმას, რაც უნდა თქვას. მაგრამ მთლიანობაში, მოხსენებამ, რომელიც თქვენ ახსენეთ, კარგი პროგრესი აჩვენა. გირჩევთ, გადახედოთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია 1991-92 წლებიდან. ეს არის უზარმაზარი პროგრესი ევროკავშირთან, ევროპულ კანონმდებლობასთან, ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოების კუთხით. ასე რომ, როდესაც გაწევრიანდებით, როდესაც საქართველო ევროკავშირს შეუერთდება, მან სრულიად უნდა მიიღოს ევროპული კანონმდებლობა, სტანდარტები და ნორმები.
ეს უზარმაზარი ამოცანაა და პროგრესი კარგად მიდის, თუმცა საქართველოს მიეცა 12 რეკომენდაცია, რადგან კრიტერიუმების არსებითი ნაწილი არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პლურალისტური დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, უმცირესობების უფლებების დაცვა და ენერგიული, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დეკემბრამდე საქართველო უფრო ნათლად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ამ ძირითადი მიმართულების ერთგულია, რაც გულისხმობს მდგრად, პლურალისტურ დემოკრატიას.
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „საქართველოს მოსახლეობა ვერ გაიგებს მეორე უარს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ასეთ მძიმე ვითარებაში ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის თავს“. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს მიიღებს კანდიდატის სტატუსზე, ხედავთ თუ არა ქვეყნის დასავლეთის ორბიტიდან გარიყვის საფრთხეს და შეიძლება თუ არა პროევროპელი ქართველების უმრავლესობა იმედგაცრუებული დარჩეს? ასევე იქნება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება მწვანე შუქი რუსეთისთვის, რომ მან სამხრეთ კავკასიაში გავლენა გააძლიეროს?
- ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. კანდიდატის სტატუსი არის გზის დასაწყისი, რომელიც წევრობამდე მიდის. რატომ? იმიტომ რომ ქართველების უმრავლესობას ეს სურს. მე ვიტყოდი, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ის, თუ რომელ ორბიტაზე იმყოფება საქართველო. ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს უფრო მეტი შეთავაზება, მეტი, ვიდრე უბრალოდ „ჩვენს ორბიტაზე ყოფნაა“ - ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს გახდეს ჩვენი კავშირის წევრი და როცა ეს მოხდება, ქართველები იქნებიან ევროკავშირის მოქალაქეები ყველა იმ უფლებითა და ვალდებულებით, რაც ევროკავშირის მოქალაქეობას მოჰყვება. ჩვენი წარმოდგენით, ეს თქვენს ინტერესებშია, მაგრამ ქართველებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი ინტერესები. ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველო არ იყოს სხვა სახელმწიფოების ორბიტაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება ამ წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის გაზრდილი ძალისხმევით და ქართველი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერით. ევროკავშირი არის ქვეყნების ერთობლიობა, რომლებიც ხელს აწერენ ერთსა და იმავე ღირებულებებს, იგივე იდეას სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი წარმოადგენენ მდგრად დემოკრატიებს. თუ ჩვენთან ახლოს მყოფი ქვეყნები იზიარებენ ამ ღირებულებებს, იზიარებენ ისტორიას, მაშინ ჩვენ მივესალმებით მათი მხრიდან წვლილის შეტანას. თქვენ შეგიძლიათ წვლილის შემოტანა, ჩვენ კი შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენს საქმიანობაში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ისტორიული გზა, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური პოლიტიკური მოსაზრებები.
- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. როგორც ექიმები ამბობენ, საჯაროდ მისი ბოლო გამოჩენის შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რის კონტექსტშიც კვლავ აქტუალურია სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. თქვენ როგორ უყურებთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს?
- ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია. ის არის ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირი და იმყოფება სახელმწიფოს პატიმრობაში. მაგრამ ის ასევე ყოფილი პრეზიდენტია და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველთვის ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს. ეს ადამიანის უფლებაა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, აქვს ეს უფლება და მთავრობის პასუხისმგებლობა ამის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება. ჩვენ გვსურს დახმარება. ასე ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
- თქვენ საქართველოში გერმანიის ელჩად რამდენიმე თვის წინ დაინიშნეთ. როგორ შეაფასებთ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობას? რა არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ძირითადი მახასიათებლები და რა მიმართულებით უნდა გააღრმაონ საქართველომ და გერმანიამ თანამშრომლობა? რას ურჩევთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით?
- მე ვიტყოდი, რომ უნდა გაგრძელდეს ის გზა, რომელსაც საქართველო 1991-92 წლებიდან მიჰყვება. თქვენ გაიარეთ უზარმაზარი გზა საბჭოთა რესპუბლიკიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებამდე, ახალგაზრდა დემოკრატიის დამყარებამდე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის გატარებამდე. ასე რომ, ჩვენ ვუყურებთ ამ სფეროში 30-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ჩემი რჩევაა, რომ გააგრძელოთ პროგრესი თორმეტ რეკომენდაციაზე. გააგრძელეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად აკეთებს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სათაურებზე, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებამდე არ აღწევს. არა იმიტომ, რომ ეს საიდუმლო საკითხებია, არამედ იმიტომ, რომ ისინი ტექნიკური ხასიათისაა.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ ოფიცრების მომზადებაზე, ერთად ვმუშაობთ საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე. ასე რომ, მოდით, ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. გერმანია საქართველოსთან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზეა ფოკუსირებული, მათ შორის უნარების განვითარებაზე ყველა სფეროში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პროფესიულ მომზადებას, როგორიცაა ელექტრიკოსები, ავტომექანიკოსები, მცხობელები და ა.შ, და ასევე აკადემიურ დონეზე, ეხმარება ქართველ ახალგაზრდებს გერმანიაში ისწავლონ და პირიქით. აგრეთვე ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის სექტორში და ენერგეტიკის სექტორის რეფორმების, განახლებადი ენერგიის კუთხით.
ჩვენ საქართველოსთან ასევე ვმუშაობთ ბუნების დაცვის მიმართულებით, მაგალითად, დაცული ტერიტორიების, ველური ბუნებისა და სახეობების კონსერვაციაზე. ჩვენ გვაქვს ასევე დიდი პროგრამები ურბანულ დაგეგმარებაში თბილისსა და ბათუმში, რათა მივიღოთ უკეთესი მოძრაობა, უკეთესი მოძრაობის ნაკადი, ნაკლები ხმაური, ნაკლები დაბინძურება და მეტი უსაფრთხოება ყველასთვის, ვინც არის საზოგადოებრივი მოძრაობის სივრცეში. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მაგრამ გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა გავაღრმაოთ ჩვენი საქმიანი კავშირები. ეს ბიზნესმენების საქმიანობაა. ეს ნამდვილად არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დამხმარე ჩარჩო და აქ არის შუა დერეფნის მთელი კონცეფცია. საქართველოსთვის ახლა დიდი შესაძლებლობაა იმუშაოს მეზობელ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება, ენერგეტიკა რეგიონულ დონეზე და ყველა ის ბიზნესი და მომსახურება, რაც მასთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, გერმანულ კომპანიებს დიდი სურვილი ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ამაში. რაც უფრო მიუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვა.
- რუსული პროპაგანდა დღეს კიდევ უფრო აქტიურია. გასულ ზაფხულს ბევრი რუსი პროპაგანდისტი და მათი მხარდამჭერები საქართველოში თვლიდნენ, რომ ევროკავშირი ზამთარს ვერ გადაიტანდა და მალე დაიშლებოდა. როგორც ვხედავთ, მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები მტკიცე, საერთო პოზიციის შენარჩუნებას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ თუ კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდება და რამდენად არის გაერთიანება მზად ასეთი გამოწვევებისთვის?
- ევროკავშირი არ დაიშალა. ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამას ზამთრის წინ წინასწარმეტყველებდნენ. ისინი აცხადებდნენ: ელექტროენერგია გაითიშება, ფასები ავარდება და შეიქმნება ყველანაირი დისკომფორტი და შესაძლოა, პოლიტიკური არეულობაც, მაგრამ ეს არ მოხდა. ეს არ მოხდა ისევე, როგორც არ მომხდარა ადრე, როცა ვინმე ევროკავშირის დაშლას წინასწარმეტყველებდა. რატომ არ იშლება ევროკავშირი? იმიტომ, რომ ეს არის ფანტასტიკური, მშვენიერი იდეა და გაერთიანება, რომელშიც ადამიანები ნებაყოფლობით შედიან, რადგან მათ სჯერათ პლურალისტური დემოკრატიის. მათ სჯერათ თავისუფალი ბაზრის, მათ სჯერათ საერთო სიკეთეებზე მუშაობისთვის რესურსების გაერთიანების. მათ სჯერათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის და რასაც ახლა რუსეთი გვთავაზობს, სამწუხაროდ, სრულიად საპირისპიროა. ეს არ არის თავისუფლება. ეს ზემოდან მიღებული წესია. ეს არ არის მოქალაქეების მონაწილეობა. ლიდერი ეუბნება მოქალაქეებს, რა უნდა გააკეთონ. ეს არ არის თავისუფლება. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ის ციხეში მიდის ან უარესი ემართება და ეს არ არის საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, არამედ ეს არის ძალის წესი. თუ ვინმე არ შეასრულებს იმას, რასაც ამბობენ, გაგზავნიან ჯარს თავდასხმისთვის, მოკვლისა და ოკუპაციისთვის.
ასე რომ, ეს არის სრულიად საპირისპირო, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. სანამ ჩვენ ვიმსჯელებთ ენერგიის ფასებზე, საკვების ფასზე, ყველაფერზე, რაც გაძვირდა რუსეთის ომის დროს - ეს თავისუფალ საზოგადოების ნორმებში ჯდება. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სახის იარაღი უნდა გავუგზავნოთ უკრაინას, რა დონის მხარდაჭერა შეგვიძლია შევთავაზოთ. ასეთი დებატები ყოველთვის იქნება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც რუსეთი ესხმის თავს და რის გამოც, ჩემი პროგნოზით, ჩვენ არ შევამცირებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინა ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეს, როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევის უფლება და თავისუფლება გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. რუსეთი ამას ვერ გადაწყვეტს. ამიტომ, უკრაინაზე თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე თავდასხმაა.
ბექა ბერიაშვილი
„პალიტრანიუსი“