რამშტაინის მორიგი შეხვედრის შედეგებზე, ასევე იმაზე, დაიწყო თუ არა უკრაინულმა მხარემ კონტრშეტევა და თუ კი, სავარაუდოდ, როგორია ამ კონტრშეტევის სავარაუდო შედეგები, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმოცდე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, რამშტაინში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი შეხვედრა გაიმართა. მანამდე ამავე ფორმატში აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვედრა ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან.
რამშტაინის ბოლო შეხვედრამდე გავრცელებული ინფორმაციით რამშტაინის მორიგ შეხვედრის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება და უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხები.
სავარაუდოდ, რა შედეგებით დასრულდა რამშტაინის მორიგი შეხვედრა?
- რამშტაინის შედეგები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხდება ხოლმე ცნობილი და ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ასე იქნება. მორიგი შეხვედრა დასრულდება ისე, როგორც დასრულდა ყველა წინა შეხვედრა - ანუ უკრაინა მიიღებს დამატებით შეიარაღებას.
კიევი მიიღებს იმ შეიარაღებას, რაც მას სჭირდება როგორც თავდასაცავად, ისე - კონტრშეტევისთვის. დიდი ალბათობით ეს იქნება როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები და ავიაცია, ისე - საარტილერიო ჭურვები და ჯავშანტექნიკა (მათ შორის ტანკებიც.
სხვათა შორის, უკვე კარგი ხანია, დასავლური იარაღის გადაცემის ყველა დეტალი არ მჟღავნდება და ეს სწორიცაა. მტერმა არ უნდა იცოდეს, როდის და რა რაოდენობის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა.
კიევი მიიღებს იმ შეიარაღებას, რაც მას სჭირდება როგორც თავდასაცავად, ისე - კონტრშეტევისთვის. დიდი ალბათობით ეს იქნება როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები და ავიაცია, ისე - საარტილერიო ჭურვები და ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკებიც
არც რამშტაინში საუბრობენ ხოლმე ბევრ დეტალზე, რადგან მას ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. უსაფრთხოების მიზნით დეტალებზე ცალკე ვიწრო წრეში საუბარი ჯობია და ასეც აკეთებენ ხოლმე.
თქვენ ახსენეთ ოსტინ-რეზნიკოვის შეხვედრა. სწორედ ასეთ შეხვედრებზე ხდება ხოლმე უფრო ღია საუბრები და გადაწყვეტილებების დიდი ნაწილის მიღებაც მანდ ხდება.
- ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - „ნატოს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი“.
უკრაინის ნატოს წევრობაზე საუბრები კარგა ხანია მიდის, მაგრამ ახლა მთავარია, როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ალიანსი - უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებამდე თუ კონტრშეტევის დასრულების შემდეგ.
სავარაუდოდ, როდის მიიღებს ალიანსი გადაწყვეტილებას უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ?
- ნატოში ვერ გაწევრიანდება ქვეყანა, რომელიც იმ მომენტისთვის ომშია ჩართული. ეს არასოდეს მომხდარა და დიდი ალბათობით, არც ამ შემთხვევაში მოხდება. ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ ეს მოხდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. შეიძლება მაინც იყოს ერთეული სიურპრიზებიც უნგრეთის სახით, მაგრამ ეს დაძლევადი საკითხებია.
ნატოში ვერ გაწევრიანდება ქვეყანა, რომელიც იმ მომენტისთვის ომშია ჩართული. ეს არასოდეს მომხდარა და დიდი ალბათობით, არც ამ შემთხვევაში მოხდება. ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ ეს მოხდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ
ამ საქმეში ცუდი ისაა, რომ ნატოს გაფართოების კონტექსტში აღარავინ, არც უცხოელები და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობს საქართველოსა და მისი გაწევრიანების პერსპექტივაზე. არადა, ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს ნატოში გაწევრიანების პირობა საქართველომ და უკრაინამ ერთდროულად მივიღეთ.
ასეთ სიტუაციაში არსებობს საფრთხე, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირის სივრცის, არამედ - ნატოს ქოლგის გარეშეც დარჩეს და ეს ძალზედ სახიფათო სიტუაციაა ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.
არსებობს საფრთხე, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირის სივრცის, არამედ - ნატოს ქოლგის გარეშეც დარჩეს და ეს ძალზედ სახიფათო სიტუაციაა ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის
სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა სირაქლემას შეჭმისგან არასოდეს იცავს. საჭიროა საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. როდესაც რაღაც გჭირდება, შენ თავად უნდა ამოიღო ხმა. სხვა შენს მაგივრად არ გაირჯება.
- ის რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის კარგა ხანია ემზადება, ვიცით. უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის უახლოეს ხანებში დაწყების შესახებ განცხადებები უკრაინის ხელმძღვანელობიდან არაერთხელ მოგვისმენია.
რუსული მხარის მტკიცებით უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე უკვე არიან გადასული უკრაინის აღმოსავლეთის 4 მიმართულებაზე.
დაიწყო თუ არა უკრაინამ კონტრშეტევა? თუ კი, სავარაუდოდ, რა შეიძლება ითქვას დაწყებული კონტრშეტევის შედეგებზე?
- არ ვფიქრობ, რომ დაწყებულია უკრაინელთა მასიური კონტრშეტევა. ამ მომენტისთვის ამას ორი რამ უშლის ხელს: 1. უკრაინაში ჯერ სრულად არ ჩასულა დაპირებული დასავლური შეიარაღება; 2. უკრაინაში წვიმებია, მიწა სველია და ეს აფერხებს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, რის გარეშეც კონტრშეტევა ვერ შედგება.
კონტრშეტევა კი, რა თქმა უნდა, იქნება. ოღონდ მაშინ, როდესაც ამისთვის შესაბამისი პირობები დადგება. თუ როდის იქნება ასეთი მომენტი, ეს ყველაზე უკეთ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იცის, რომელიც მიიღებს კიდეც შესაბამის გადაწყვეტილებას.
არ ვფიქრობ, რომ დაწყებულია უკრაინელთა მასიური კონტრშეტევა. ამ მომენტისთვის ამას ორი რამ უშლის ხელს: 1. უკრაინაში ჯერ სრულად არ ჩასულა დაპირებული დასავლური შეიარაღება; 2. უკრაინაში წვიმებია, მიწა სველია და ეს აფერხებს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, რის გარეშეც კონტრშეტევა ვერ შედგება
რაც შეეხება კონტრშეტევის ხასიათსა და მიმართულებებს, აუცილებელი არაა, რომ იგი ისეთივე სწრაფი და დინამიკური იყოს, როგორიც ვიხილეთ იზიუმისა და ლიმანის შემთხვევებში. მთავარი არის, რომ უკრაინამ მოახერხოს იმ რაოდენობის საოკუპაციო ჯარის განადგურება, რომელიც გამოიწვევს მოწინააღმდეგის ფრონტის ხაზის დასუსტებასა და მორღვევას.
მიმართულებიც რამდენიმე შეიძლება იყოს. ერთი მათგანი შესაძლოა იყოს ცრუ, ყურადღების გადატანის მიზნით და რამდენიმე იქნება ძირითადი მიმართულება.
- ფაქტია, რომ ომის წარმოებას დიდი რესურსებისა და საბრძოლველად ჯარისკაცების მზაობის გარდა სჭირდება გათვლები, სტრატეგია და ტაქტიკა.
ის, რაც დღეს ჩანს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან რისი თქმის საშუალებას იძლევა - როგორია ამ ეტაპზე ერთი მხრივ უკრაინის ტაქტიკა და სტრატეგია, ხოლო მეორე მხრივ რუსული მხარის ტაქტიკა და სტრატეგია?
- უკრაინის მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ცოცხალი ძალების დანაკარგით მაქსიმალური შედეგის მიღწევა. ეს ზოგადად დასავლური მიდგომაა და ვფიქრობ, რომ უკრაინაში ეს მიდგომა მომავალშიც შენარჩუნდება.
რუსული სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ჩვეულებრივი საბჭოთა სტანდარტების მიხედვით მოქმედებს, სადაც არაფრად ფასობდა ადამიანის სიცოცხლე. დღეს რუსეთი საკუთარ ჯარისკაცებში უდიდესი მსხვერპლის ფასად აჩერებს უკრაინელთა ზეწოლას.
მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. რუსეთმა ამოწურა როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში პერიოდში წარმოებული შეიარაღების დიდი ნაწილი. მაგალითად, რუსები უკვე კარგი ხანია ვეღარ ახორციელებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მასიურ დაბომბვებს ფრთოსანი რაკეტებით, რასაც წინა თვეებში ინტენსიურად ახორციელებდნენ. ისე - გაწყვიტა კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილები.
ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდება რუსული ხორცი და თანამედროვე დასავლური სამხედრო ტექნიკა და ბავშვიც კი ხვდება, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირება საბოლოოდ. რუსეთი განწირულია. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და მასთან ერთად გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო
ამის შემდეგ რუსული სამხედრო ტექნიკა კიდევ უფრო დაბალი ხარისხის იქნება, რაც ახლა გამოაქვთ საწყობებიდან, ათწლეულების წინ საბჭოთა კავშირში წარმოებული სამხედრო ტექნიკაა და ეს ფაქტი სწორედ ამ ვერსიას აძლიერებს. ასევე დაბალი ხარისხის იქნება რუსების ახლად მობილიზებულებით დაკომპლექტებული ნაწილები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი რაოდენობით დაიხოცებიან ბრძოლის ველზე.
რუსეთის საქმე რომ ყოველდღიურად უარესდება იქიდანაც ჩანს, რომ სულ უფრო ინტენსიურად ბომბავენ საკუთარივე ქალაქებს. ბოლოს ჩვენ ეს ორი დღის წინ დავინახეთ ბელგოროდში. ძველი ტექნიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდება რუსული ხორცი და თანამედროვე დასავლური სამხედრო ტექნიკა და ბავშვიც კი ხვდება, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირება საბოლოოდ. რუსეთი განწირულია. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და მასთან ერთად გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო.
- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ხშირად ისმის კრიტიკა მიმდინარე ომის ფონზე უკრაინაში არსებული კორუფციის შესახებ, ამერიკული ფინანსური დახმარების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ვხედავთ, რომ ამერიკული პენტაგონი აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძალებისათვის შეიარაღების მიწოდების საქმეში, უკრაინელი ჯარისკაცების ნატოს სტანდარტებით მომზადებაში, არამედ საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარებაში.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის წარმოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინელები თავად იღებენ, მაგრამ ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი სპეციალისტები.
ზოგი უფრო შორსაც მიდის და იმასაც ამტკიცებს, რომ ომის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე პენტაგონს აქვს აღებული.
ამ თემაზე გამოთქმულ მოსაზრებებიდან თქვენი აზრით, რომელი უფრო შეესაბამება სინამდვილეს? და კიდევ - როგორია ის რეალობა, რომელიც ახლა უკრაინაში ომის წარმოებასთანაა დაკავშირებული?
- უკრაინაში ამერიკული დახმარების გაფლანგვა და არამიზნობრივი ხარჯვა არ ხდება და ეს არაერთხელ შემოწმდა. ამაზე და მსგავს მითებზე ძირითადად ტრამპისტები და შეთქმულებების თეორიების მიმდევრები საუბრობენ ხოლმე და ასეთი საუბრები მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის დამახასიათებელი ფენომენი არაა.
რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისგან და ბევრი სხვა დასავლური ქვეყნისგან უკრაინა იღებს არამხოლოდ სამხედრო დახმარებას, არამედ იქ იწვრთნება ათეულ ათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
ძალიან ბუნებრივია, რომ უკრაინელები ითვალისწინებენ დასავლელი სამხედრო სპეციალისტების რჩევებს. არც ესაა დიდი საიდუმლო. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს, რადგან ეს ყველაფერი მათ ქვეყანას და მათი შვილების მომავალს ეხება.
უკრაინელები ითვალისწინებენ დასავლელი სამხედრო სპეციალისტების რჩევებს. არც ესაა დიდი საიდუმლო. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს, რადგან ეს ყველაფერი მათ ქვეყანას და მათი შვილების მომავალს ეხება
ამ მომენტისთვის რეალობა ისაა, რომ უკრაინა ემზადება და მთლიანად კონცენტრირებულია მომავალ კონტრშეტევაზე, რომელიც ამ ომის კულმინაცია და მთავარი გარდამტეხი მოვლენა იქნება.
დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამ საქმისთვის სერიოზულად ემზადებიან და წარმატებულები იქნებიან. უკრაინა გაიმარჯვებ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი