ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვების უმეტესობა საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევას ეხებოდა.
„ჩვენი შეხვედრების მთავარი მიღწევა არის მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ეს დიალოგი გრძელდება და, ჩემი აზრით, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“ , - განაცხადა მან.
მისივე თქმით, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი და მათი უმეტესობა საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ეხებოდა.
„არსებობს განცდა, რომ ქართული პოლიცია მიზანმიმართულად პროვოცირებს ჩვენს მესაზღვრეებს. ამის შესახებ შეხვედრაზე დამსწრე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი პერიოდი უფრო მშვიდი იქნება და ქართული მხარის პროვოკაციები შეწყდება“, - განაცხადა კოჩიევმა.
მისი თქმით, დელეგატებმა განიხილეს სხვადასხვა ქმედებების შესახებ დროული ინფორმირების საკითხები, თუმცა, ზოგადად, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.