გურამ მაჭარაშვილი - მიუღებელი კანონი მუშაობს საქართველოში, ჩვენი მიზანი მიღწეულია - რაც გვინდოდა კანონით მიგვეღწია, კანონის მიუღებლობით მივაღწიეთ

მიუღებელი კანონი მუშაობს საქართველოში, ჩვენი მიზანი მიღწეულია - რაც გვინდოდა კანონით მიგვეღწია, კანონის მიუღებლობით მივაღწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეიძლება „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი რაიმე სახით ისევ შემობრუნდეს პარლამენტში განსახილველად.

მაჭარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხოური თანხებით საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსება შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

„კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა ეს, რომ როცა კონსტიტუციით და კანონმდებლობით აკრძალულია უცხო ძალამ დააფინანსოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, ეს ხერხდება კანონის გვერდის ავლით. რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის მიერ არის შექმნილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, მათ შორის IRI- დან და შემდეგ რადიკალურ პროცესებში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და რადიკალური ოპოზიციაც იღებს მონაწილეობას, ეს, რა თქმა უნდა, შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

„სირცხვილიას“ და „დროას“ აფინანსებენ [პოლიტიკური პარტიები]. არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“ არ იცით? თვითონ მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და დაფინანსებას ვიღებ კეზერაშვილისგანო, IRI-ც აფინანსებს. ასეთი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციას რომ აფინანსებს IRI და სხვა ამერიკული ორგანიზაციები, რომლის წევრებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს და იარაღის გამოყენების სემინარებს ატარებენ, ბუნებრივია, კითხვა გვიჩნდება - როცა ამბობ, დეპოლარიზაცია უნდა მოხდესო და მეორე მხრივ, აფინანსებ რადიკალურ არასამთავრობო სექტორს და ხელს უწყობ, ეს არის ორმაგი სტანდარტი. კანონი ვერ მივიღეთ, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს. თუნდაც ის, რომ დღესაც კითხვებს სვამთ რეგულაციებზე, რომელსაც ვაპირებდით რომ მიგვეღო ნიშნავს, რომ ეს კანონი მუშაობს. მიუღებელი კანონი საქართველოში მუშაობს. ჩვენი მიზანი მიღწეულია, რაც გვინდოდა კანონით მიგვეღწია, კანონის მიუღებლობით მივაღწიეთ, თქვენი და რადიკალური ოპოზიციის დახმარებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების საშუალებით ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირება ხდება და ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. ასევე დონორებმა, მათ შორის, IRI- მ უნდა გაასაჯაროოს, რა თანხებით აფინანსებს ამ ორგანიზაციებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა