ირაკლი ზარქუა - რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს - რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის

რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს - რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.

ზარქუა აღნიშნავს, რომ თუ ფრენები აღდგება და სავიზო რეჟიმი გაუქმდება, მისასალმებელი იქნება და იქვე დასძენს, რომ ამით იმ მოცემულობას, რომ ოკუპანტია და ქვეყნის მტერი, ვერ შეცვლის.

"რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის აღდგენას, სააკაშვილი, იცით, რომ პირველი იყო, ვინც გააუქმა შეზღუდვა და უვიზო მიმოსვლა დააწესა, ამას საპასუხო არ მოჰყოლია, რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ უწევთ ოჯახებით ჩამოსვლა ხან ერევნის, ხან აზერბაიჯანის, ხან თურქეთის გავლით. გარდა იმისა, რომ ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, დისკომფორტია. ის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს საქართველოში დაბრუნება, დღეს რუსეთის მოქალაქეები ისედაც ლარსიდან უპრობლემოდ გადმოდიან მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით თქვენ ამის შესახებ, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი იქნება კარგი რუსეთის მხრიდან, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომ ოსეთი დააბრუნოს", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს