ვასო ურუშაძე - რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიურ ჭრილში განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მართავს ანტისახელმწიფოებრივი ძალა

რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიურ ჭრილში განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მართავს ანტისახელმწიფოებრივი ძალა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ვასო ურუშაძის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია არის არაადეკვატური და არ პასუხობს გამოწვევებს.

„ყოველდღიურად რუსეთის ტერორისტული რეჟიმი ექცევა საერთაშორისო სანქციების ქვეშ და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტია ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციას. მათ დღეს სჭირდებათ საქართველოსთან ეკონომიკური საქმიანობა, ფრენების აღდგენა, უვიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით და ამოცანით, რომ მესამე ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს გამოყენებით გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ფულადი ტრანზაქციები ფულადი რესურსების ტრანსპორტირება და ამისთვის სჭირდებათ საქართველო, როგორც ლოგისტიკური ცენტრი ამ ყველაფრის განსახორციელებლად. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია არის არაადეკვატური და არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც შეიძლება თან ერთოდეს პუტინის გადაწყვეტილებას და საქართველოს მთავრობა არ იზიარებს ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას და აცხადებს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან რუსეთის ტერიტორიაზე და მათ სჭირდებათ გადაადგილება, თუმცა ეს არის საკითხი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე მანიპულაცია, რეალურად ფრენების შეზღუდვა თავის დროზე იყო რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 1993 წელს გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების რეგულირების თაობაზე, სამჯერ დაარღვია რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად და სამივე შემთხვევაში დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეები, დაზარალდა სახელმწიფოებრივი ინტერესი, კერძო სექტორი და არცერთ შემთხვევაში რუსეთს ამაზე პასუხი არ უგია. აქედან გამომდინარე, დღეს ეს შეგებება საქართველოს მთავრობის მხრიდან და ამ გადაწყვეტილების პოზიტიურ ჭრილში განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მართავს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც არ არის ცივილიზებული სამყაროს პოზიციის გამტარი და არ პასუხობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნას, რომელსაც მკაფიო, ურყევი არჩევანი აქვს გაკეთებული, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, ვიყოთ უკრაინის მხარეს ამ უთანასწორო ბრძოლაში და ჩვენ ხელი შევუწყოთ დასავლური სანქციების ეფექტიანობას, რომ რაც შეიძლება მალე პუტინის ტერორისტული რეჟიმი დასრულდეს, რადგან პუტინის ტერორისტული რეჟიმის დასრულება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და უამრავი პრობლემების მოგვარებას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან“, - ასე გამოეხმაურა ვასო ურუშაძე, რუსეთის მიერ საქართველოში უვიზო რეჟიმის გაუქმებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს