ნაბიჯი უკან - ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება და გულისხმობს ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსსა“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.

დღეს მოქმედი წესი:

პრეზიდენტი ქმნის საკონკურსო კომისიას, რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთაგან. საკონკურსო კომისია პრეზიდენტს წარუდგენს მინიმუმ ორ, მაქსიმუმ 3 კანდიდატურას თითო ვაკანსიაზე. პრეზიდენტი ამ კანდიდატთაგან პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანსიაზე ორ კანდიდატურას. პარლამენტი ცესკოს წევრს ირჩევს არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, 5 წლის ვადით. თუ საკმარისი ხმები ვერ შეგროვდება, მაშინ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უბრალო უმრავლესობით და 6 თვით ირჩევს. („შარლ მიშელის“ შეთანხმებით უფრო რთული, ოთხრაუნდიანი პროცედურა იყო გათვალისწინებული: ორჯერ ორი მესამედის, შემდეგ სამი მეხუთედის და მხოლოდ შემდეგ უბრალო უმრავლესობის მოთხოვნა, ოთხკვირიანი შუალედებით რაუნდებს შორის. მხოლოდ ორი მესამედის უმრავლესობა იყო საკმარისი ცესკოს თავმჯდომარის/წევრის 5 წლის ასარჩევად. ამ რამდენიმესაფეხურიან მექანიზმს უჭერდა მხარს ვენეციის კომისია და ეუთო ოდირი. ეს რამდენიმესაფეხურიანი მექანიზმი მმართველმა პარტიამ 1 წლის წინ გააუქმა).

ცვლილებების მოკლე შინაარსი:

ცესკოს თავმჯდომარის/წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და თავადვე ქმნის საკონკურსო კომისიას, რომელშიც გარანტირებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე თითო ვაკანსიაზე თითო კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს/წევრებს უბრალო უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. თუ ვაკანსიები ვერ შეივსო, მაშინ პრეზიდენტი კონკურსში მონაწილე დარჩენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთს წარუდგენს პარლამენტს (რეალურად, ეს უკანასკნელი „დეკორაციული ნორმაა“, იმიტომ, რომ შეუძლებელია პარლამენტის სპიკერმა თავისივე შექმნილ საკონკურსო კომისიას ვერ შეარჩევინოს ის კანდიდატი, რომელსაც მისივე წარდგინებით მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერს).

შეუსაბამობა ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმასთან:

ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის მოცემული 12 პუნქტიანი გეგმის პირველ და მეორე პუნქტებს. პირველი პუნქტი გულისხმობს „პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებას პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად“. სწორედ „შარლ მიშელის შეთანხმების“ შედეგი იყო დღეს მოქმედი წესი, რაც გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას და კონსენსუსის სივრცეს არჩევნებთან დაკავშირებით. ამრიგად, „შარლ მიშელის შეთანხმება“, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ მისი ანულირებულად გამოცხადებისა, მაინც „ცოცხალია“ და წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორს.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან ურთიერთმიმართება:

ცინიკურია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის განმარტებით ბარათში, ცვლილებების მიღების მიზნად, ოფიციალურად, ევროკავშირის 12 პუნქტის მეორე პუნქტის შესრულებაა დასახელებული. ხსენებული მეორე პუნქტი, დიახაც გულისხმობს საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას, ოღონდაც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ ამ პროცესებში გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრის მეშვეობით. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი რამდენიმე დასკვნაში ეხება სწორედ ამ საკითხს, კერძოდ, 2021 წლის 30 აპრილის ერთობლივ მოსაზრებებში, ჯერ კიდევ სანამ „შარლ მიშელის შეთანხმებას“ მოეწერებოდა ხელი (დასკვნის ჩამოსვლას წინ უსწრებდა უკვე 19 აპრილის შეთანხმება, რაც მომდევნო დასკვნაში აისახა), სადაც ვკითხულობთ:

  • „... როდესაც არ არსებობს (იმ დროს ჯერ არ არსებობდა) მოთხოვნა, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატი არჩეულ იქნეს კვალიფიციური უმრავლესობით, ეს არსებითად ნიშნავს, რომ თავმჯდომარე მმართველ პარტიას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის გარშემო კონსენსუსი მნიშვნელოვანი საკითხია ქართული დემოკრატიისთვის“.
  • „ცესკოს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნეს კვალიფიციური (მაგ. ორი მესამედი) საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხმის მიცემის მოთხოვნა....ასევე ჩიხური ვითარებიდან თავის აცილების მექანიზმი“.
  • „...საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ცესკოს უპარტიო წევრების არჩევის წესმა შეიძლება გამოიწვიოს კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლების დანიშვნა... უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფრო ფართო კონსენსუსი წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, გარანტირებული იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, და გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ...ნებისმიერ შემთხვევაში, მიღწეული უნდა იქნეს კონსენსუსი ცესკოს წევრების დანიშვნის შესახებ ისეთ გარემოში, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაცია არ სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით. “

ეს იყო ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ძირითადი რეკომენდაციები დასახელებულ დასკვნაში, რომელიც „შარლ მიშელის რეფორმით“ შესრულდა და რომელიც ამ ნაწილში ვენეციის კომისიამ შესრულებულად შეაფასა უკვე მომდევნო , 2021 წლის 2-3 ივლისის დასკვნაში.

ხელისუფლების არგუმენტი, რომ ცესკოს თავმჯდომარის/წევრების არჩევის ანალოგიური პრაქტიკა არ არსებობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში, კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არ შეიძლება ჩაითვალოს მხედველობაში მისაღებად, რადგან, ჯერ ერთი, ევროკავშირის ქვეყნებში საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა არის მაღალი. ამასთან, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ამ საკითხზე პირდაპირ ამბობს:

„საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტის არარსებობის პირობებში, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს ყველაზე შესაფერისი მოდელი, რომელიც შეესაბამება მის ადგილობრივ ტრადიციებს და დამკვიდრებულ კარგ პრაქტიკას, და დაეყრდნობა რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპს, განსაკუთრებით კი, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და ნდობას არჩევნების მართვის ორგანოებისადმი, და მთლიანი არჩევნების პროცესის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას...“ .

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი „ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განმწესებაში“. ამასთან, პრეზიდენტის აქტი, რომელიც უკავშირდება ცესკოს თავმჯდომარის/წევრის თანამდებობაზე განწესებას, არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის მხრიდან თანახელმოწერას. თანაც, პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა, მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის უმრავლესობის ლიდერია ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკაში. პარლამენტის სპიკერის მიერ ცესკოს თავმჯდომარის/წევრების შერჩევა და ასარჩევად პარლამენტისთვის იმ წესით ასარჩევად წარდგენა, რაც იმ პარლამენტში მისივე პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით არის შესაძლებელი, საფრთხეს უქმნის ცესკოს არაპარტიული თავმჯდომარის/წევრის ინსტიტუტის არსებობას. პრეზიდენტისთვის ამ უფლებამოსილების პრაქტიკულად ჩამორთმევა და იმ დონეზე დაყვანა, რომ მისი წარმომადგენელი იყოს საკონკურსო კომისიაში ან იმ (არარეალისტურ) შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ შეარჩევს შესაფერ კანდიდატს, სარეზერვოდ წარუდგინოს პარლამენტს კანდიდატი, არის კონსტიტუციის სულისკვეთებას საწინააღმდეგო ფორმალიზმი და კონსტიტუციის პროფანაცია.

ხელისუფლებას აგრეთვე აქვს ინიცირებული სხვა კანონპროექტი, რომლითაც პარტიის მიერ დასანიშნ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მოეთხოვებათ შესაბამისი სერტიფიკატი. საჯაროდ გაცხადებულია, რომ პოლიტიკური შეთანხმება ჰქონდათ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, გარდა ნაც. მოძრაობისა და „ლელოსი“, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირება არ იქნებოდა სავალდებულო. „ლელო“ ყველა ფორმატში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზე აყენებდა პირობას, რომ თუკი იქნება სერტიფიცირება, მაშინ სერტიფიცირებულ საუბნო კომისიის წევრებს რეგისტრატორის ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობაც უნდა მიეცეთ. ეს ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერაა ინიცირებული და ჯერ არ დამდგარა დღის წესრიგში, თუმცა საგულისხმოა, რომ მის მიზნადაც ევროინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმაა განსაზღვრული. მართალია, ვენეციის კომისია თავის ბოლო დასკვნაში ამბობს, რომ სტანდარტული ტრენინგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა წევრისათვის, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულთათვისაც, მაგრამ ამის სულისკვეთება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანასწორობაა და არა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაკომპლექტების პროცესში პოლიტიკურ პარტიებს შორის ფაქტობრივი დისბალანსის გაჩენა. ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში კი ის საფრთხეა დამალული, რომ თუ პარტიამ ვერ აითვისა კვოტა (რასაც, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით, ვერ აითვისებს დღეს უფლებამოსილ პარტიათა უმრავლესობა) ამ შემთხვევაში, ცესკოს ეძლევა შესაძლებლობა ეს კვოტები არასერტიფიცირებული ადამიანებით შეავსოს , რაც, ყველაფერთან ერთად, დისკრიმინაციული და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

ზოგადად, ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ბოლო რეკომენდაციაა, რომ “ჩატარდეს საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი სისტემური გადახედვა ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის მეშვეობით ეუთოს რეკომენდაციებთან, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით...უნდა ჩატარდეს ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმართულ ძალისხმევას“. ნებისმიერი ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც არ ხორციელდება პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით და რომელიც მიიღება ფაქტობრივად ერთპარტიულად, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის განვითარების კუთხით და უდიდეს ზიანს და ხელს უწყობს არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

გიორგი სიორიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით