იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს სთავაზობს, ხვალ, სასამართლო რეფორმის საკითხზე დაგეგმილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც ოხანაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ დისკუსიის შემდეგ გავა.
„ხვალ ჩანიშნულია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც აქამდეც იყო ჩართული, დაგეგზავნათ მოწვევა, ასევე ყველა სხვა პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელს. პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა, ახლა მაინც ჩაერთონ იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელშიც თავის დროზე არ მონაწილეობდნენ. საკითხს პლენარულ სხდომაზე ხვალ არ გამოვიტან. დილიდან, 10:00 საათიდან შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა, შემდეგ რეგისტრაციისთვის გამოვაცხადოთ შესვენება, შემდეგ კი ისევ გავაგრძელოთ და რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდებატოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება პლენარულ სხდომაზე გამოვიტანოთ საკითხი. დღევანდელი საკომიტეტო სხდომით არ ამოიწურება დაინტერესებულ პირებთან დისკუსია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. ინიციატივები უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა.