ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჭირდება მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის მიზნით

ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჭირდება მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის მიზნით

სუმის, ჩერნიგოვის, დნიპროს, ზაპოროჟიეს ოლქებისა და დონბასის რეგულარული დაბომბვა ისევ და ისევ ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის მიზნით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, რუსების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა.

„ბიჭს სახელად ვსევოლოდი ერქვა. ივლისში მას ექვსი წელი შეუსრულდებოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს! ეს იყო ტერორისტების მორიგი საარტილერიო თავდასხმა. სუმის, ჩერნიგოვის, დნიპროს, ზაპოროჟიეს ოლქებისა და დონბასის რეგულარული დაბომბვა ისევ და ისევ ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის მიზნით, კიდევ უფრო მეტი ძალა ჩვენი მეომრებისთვის, რათა გაანადგურონ ტერორისტების ყველა პოზიცია და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჩვენს ხალხს სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპის ლიდერებსა და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის.

„ასეთი კონსოლიდაციის საფუძველზე შემდგომშიც შევზღუდავთ ტერორისტი სახელმწიფოს შესაძლებლობებს განაგრძოს ეს აგრესია და შემდგომშიც განვაგრძობთ სამართლიანობის დაბრუნების, ჩვენი მიწების გათავისუფლების, ჩვენი ხალხის გადარჩენის შესაძლებლობების გაზრდას,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.