უკრაინელებმა კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რაკეტების გაშვების შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.