აშშ-ში უკრაინაში მიმდინარე ომის “გაყინვის” შესაძლო სცენარებს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სცენარები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილება, გრძელვადიან “გაყინვასაც” მოიცავს, რომელიც დასახავს ხაზებს, რაზეც უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან, რომ არ გადაკვეთონ, მაგრამ ამავდროულად ოფიციალური საზღვრები არ იქნება.
გამოცემის ცნობით, წინასწარი განხილვები თეთრ სახლსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გაიმართა.
“გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვემზადებით, მიუხედავად იმისა, ეს [ომი] გაიყინება თუ გალღვება”, - განუცხადა Politico-ს ანონიმურმა წყარომ.
ამავე წყაროს თქმით, წინა თვეებში ბაიდენის ადმინისტრაციის ფოკუსი “სასწრაფოსა და მოკლევადიან პერსპექტივაზე” იყო.
გამოცემის ცნობით, ასეთი საუბრები ადრეულ სტადიაში რჩება და აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ომი კიდევ რაღაც დრო დარჩება აქტიურ ფაზაში, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და სხვა დახმარების გაგრძელებას გეგმავს, რათა რუსეთისგან რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიბრუნონ.
გამოცემის კიდე ერთი წყაროს ცნობით, ბევრი შესაძლო გეგმა განიხილება, მაგრამ ვითარება ცვალებადი რჩება და ერთადერთი სანდო პროგნოზი იმაზეა, რომ რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს.