იტალიაში, ძლიერი წვიმის გამო, ემილია-რომანიას რეგიონში 20-ზე მეტი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს აღწევს. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა სოფლის მეურნეობა.
კოკისპირულმა წვიმებმა რეგიონში 300-მდე მეწყერი და 23 მდინარის ადიდება გამოიწვია. 400-მდე გზა დაზიანდა ან განადგურდა და 42 მუნიციპალიტეტი დაიტბორა.
სულ მცირე 10 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, დატბორილ რაიონებში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
წყალდიდობისგან მნიშვნელოვნად დაზარალებული ქალაქის, რავენას მერმა, BBC-ს განუცხადა, რომ ეს ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე საშინელი კატასტროფაა.
მთავრობამ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დამატებით 20 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო.