„დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ და დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, დაუპირისპირდნენ მოსკოვის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, - ამის შესახებ ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დიდი შვიდეული“ განმარტავს, რომ სანქციების მიზანია, რუსეთს და მათ, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა დააკისროს და უზრუნველყოს, რომ რუსეთმა ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა იარაღად ვეღარ გამოიყენოს.
„გავაფართოებთ ჩვენს ქმედებებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთის აგრესიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ნივთის ექსპორტი, მათ შორის მათი, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს, შეიზღუდოს ჩვენს ყველა იურისდიქციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განმარტებით, ეს მოიცავს „სამრეწველო ტექნიკის, ხელსაწყოების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი საბრძოლო მანქანის აღსადგენად“. ძირითადი სექტორები, რომლებსაც სანქციები შეეხება, მოიცავს წარმოებას, მშენებლობას და ტრანსპორტირებას, ასევე ბიზნეს სერვისებს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებზე ზედა ზღვრის შენარჩუნების ერთგული რჩებიან და გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა არ დაუშვან ამ ზღვრის თავიდან აცილება.
გარდა ამისა, ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობა შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის სრული და უპირობო გაყვანის გარეშე.

























