აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
„შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობისადმი“ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე „მოლაპარაკება შეუძლებელია“.
როგორც მედია წერს, ბაიდენსა და ზელენსკის შორის ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ლიდერი კიევს თებერვალში ეწვია.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა F16-ტიპის გამანადგურებლების უკრაინაში გაგზავნა და F16-ების მართვაში უკრაინელი მფრინავების აშშ-ში წვრთნა დაუშვა.