ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება - ე.წ. პროტესტს ერთადერთი მიზანი აქვს - არეულობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და მეორე ფრონტი

არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს და თუ ამ შემთხვევაში აღნიშნული კანონი არ იყო დარღვეული, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები საქართველოში არ შემოეშვა.

„უნდა ითქვას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის და ამის მიზეზები არა ერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა. ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ, რომ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის.

პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო ორი რამ - პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს და ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციების არდაწესებაც. მეორე, თეორიულადაც, რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზე, სამართლებრივ სახელმწიფოზეა საუბარი, მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ეს სფერო ნასწავლი და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს და ეს არის ძალიან რბილი შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხზე გამოწვეულ პროტესტს და აღნიშნა, რომ „ე.წ. პროტესტს ერთადერთი მიზანი აქვს - ესკალაცია, ქვეყანაში არეულობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია“.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა მოსახლეობას, რომ კარგად დააკვირდნენ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ.

„რაც შეეხება მორალს, მე მინდა შეგახსენოთ ვინ იყო გუშინდელი პროტესტის ლიდერი - ეს არის ელენე ხოშტარია და მე მის მორალზე მინდა ვისაუბრო, თუკი რამეა დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან რუსეთში ეს პირველ რიგში თვითონ სახელმწიფო და ბიუჯეტია და ეს ადამიანი, ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს აღგზნებული და აღელვებული იყო, რომ საქართველოში ვიღაც იყო ჩამოსული, სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მილიონობით რუსულ რუბლს. ეს არის მათი მორალური სახე. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სამი წელი არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციიდან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, რაც ამ ოკუპაციის გამო, რუსული სამხედრო აგრესიის გამო 500 ქართველი დაიღუპა და 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად, როდესაც სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით. ეს არის მათი მორალური სახე. დღეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ აქვს ერთადერთი მიზანი - ესკალაცია, ქვეყანაში არეულობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას მინდა მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდეს ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცეს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო