უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე 4 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნეპრის რაიონში სამაშველო განყოფილების რამდენიმე შენობა დაზიანდა და 27 წლის მამაკაცი დაშავდა.
„ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. განადგურდა 10-ზე მეტი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, დაზიანდა ამდენივე სპეცტექნიკა. ასევე დაზიანდა 25 კერძო ავტომობილი და 2 ავტობუსი“, - განაცხადა ლისაკმა.
მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს კერძო საწარმოს დნეპრში, რის შედეგადაც 3 შენობა დაზიანდა. სინელნიკოვის რაიონში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
„დაზიანდა 3 კერძო სახლი და 9 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი, მაღაზიები და ადმინისტრაციული შენობები", - განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აფეთქებების ხმები გაისმა.