რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა - უსაფრთხოების მდგომარეობა უკიდურესად დაუცველია

რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა - უსაფრთხოების მდგომარეობა უკიდურესად დაუცველია

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური "უკიდურესად დაუცველ" მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის გარე ქსელთან კვლავ გაითიშა და ეს ქსელიდან გათიშვის მეშვიდე შემთხვევაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რის გამოც ელექტროსადგურს ელექტროენერგია დიზელის საწვავზე მომუშავე გენერატორებიდან მიეწოდება.

"ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა უკიდურესად დაუცველია. უნდა შევთანხმდეთ, ახლავე დავიცვათ ელექტროსადგური, ეს მდგომარეობა არ შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა გასული კვირის პარასკევს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვის უზრუნველსაყოფად, რათა კონტინენტზე სერიოზული ბირთვული ავარიის რისკის თავიდან აცილება მოხდეს.