„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას“ შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიები ურთიერთ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გია ბერძენიძე აღნიშნავს, ხელისუფლება მშვიდობიანი ფორმით უნდა შეიცვალოს.
„მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა და ზუსტად დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ერთიანი ძალით პროდასავლურად განწყობილ თაობასთან ერთად, ახალგაზრდებთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც რუსული ოკუპაცია ამოუვიდა ყელში მშვიდობიანი ფორმით შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება. მრავალი საკითხია, მრავალი საერთო გვაკავშირებს ჩვენ პროდასავლურ საზოგადოებასთან, რომლებსაც შეიძლება ითქვას, უნდათ ევროპაში ინტეგრაცია, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან გაერთიანების თემა ერთ-ერთი “ლაით-მოტივია” იმისა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული რუსული აგრესიისგან. მე მინდა, გავიხსენო ფაქტები 1992-1993 წლებში, როდესაც რუსული არმია შემოიჭრა საქართველოში აფხაზეთის მხრიდან, სამაჩაბლოს მხრიდან და მოახდინა ქართველი ხალხის და ერის გენოციდი. დღესაც რუსული ხელისუფლება აგრძელებს, შეიძლება ითქვას თითქოს და მშვიდობიანი გზით საქართველოში სარკინიგზო ხაზების გახსნას. ის ცდილობს, რომ ფრენების აღდგენა დააკანონოს ბოლომდე და ქართული ტერიტორიის ანექსია მოახდინოს თითქოს და მშვიდობიანი გზით, რაც მას არ გამოუვა იმიტომ, რომ საქართველოში დაახლოებით 80 % ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. საკუთარი ქვეყნის და სუვერენიტეტის დაცვით ჩვენ, მებრძოლები, ვინც 1992-1993 წლებში და შემდგომ 2008-ში ვომობდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მზად ვართ დავდგეთ ისევ ქვეყნის სადარაჯოზე და ისევ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა, მოხდეს დაბალანსება ხელისუფლებაში, რომ ერთი პარტია აღარ მართავდეს ქვეყანას,ადამიანების უფლებები იყოს დაცული, ვეტერანების უფლებები იყოს დაცული, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს ის, რომ გააგრძელოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა“, - განაცხადა „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გია ბერძენიძემ.
შეხვედრის შესახებ ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ.
„შევხვდით ომის ძალოვნების ვეტერანების პარტიას. ჩვენი მიზნები არის ერთი, ეს არის ჩვენი გეზი ევროკავშირში, ნატო-ში შესვლა, „ქართული ოცნების“ მოშორება ხელისუფლებიდან, დემოკრატიის განვითარება, სასამართლო რეფორმების გატარება და ა.შ. ამიტომ, ორივე პარტიას აქვს ერთი მიზანი და ბუნებრივია, რომ შედგა ეს შეხვედრა. მომავალში განვსაზღვრავთ იმას, რა პრობლემები აქვს ვეტერანებს, სამომავლოდ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები, როცა მოვალთ ხელისუფლებაში, რომ ერთად მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.