ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონში, სადაც უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შევიდა, გაწმენდა გრძელდება, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„თავდაცვის სამინისტრო, ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, ტერიტორიის გაწმენდას აგრძელებს, მაგრამ მივმართავ გრეივორონსკის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც, დიდი მადლობა, რომ დროებით დატოვეს სახლები, ჯერჯერობით დაბრუნება არ ღირს“, - აცხადებს გლადკოვი.
მისივე თქმით, ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას იმის შესახებ, როდის გახდება უსაფრთხო დაბრუნება.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები შეიჭრნენ, სამხედროები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კი ყველა ზომას იღებდნენ მათი ლიკვიდაციისთვის. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. უკრაინული მხარე მათი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ, რომლის მიზანი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების გარკვეული ზონის შექმნაა.