აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას „უკიდურესად ნეგატიური“ რეაქცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმა განაგრძო და რუსეთის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმაც დაგმო.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს უკიდურესად სახიფათო ესკალაციას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, შეთანხმება ეწინააღმდეგება მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს ვალდებულებები. ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის თანამონაწილეა. სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მცდელობა ძლიერი და კოორდინირებული რეაქცია მოჰყვება“, - აღნიშნა ბორელმა.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს რუსეთმა და ბელარუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსის ტერიტორიაზე ქობინების შენახვის შესახებ. ქობინების განთავსება იგეგმება ობიექტზე, რომლის მშენებლობაც ერთ თვეში უნდა დასრულდეს. მოგვიანებით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დაწყებულია.