რუსული ძალების მიერ 30 მაისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის პოლიციის უფროსზე, ივან ვიხოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა და 33 წლის ქალი გარდაიცვალა. კიევის ოლქში 4 მოქალაქე დაშავდა“, - განაცხადა ივან ვიხოვსკიმ.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა 16 ობიექტი, მათ შორის ავტომობილები, ნაგებობები და საცხოვრებელი კორპუსები.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა წუხელ კიევის ოლქსა და დედაქალაქ კიევის მიმართულებით 31 ე.წ. „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, 29 მათგანი საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს.