ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე. ნუ ტლიკინებ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს პაატა მანჯგალაძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
მანამდე კი, სიტყვიერი დაპირისპირება პაატა მანჯგალაძესა და „ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს შორის მოხდა.
ყაველაშვილის უკმაყოფილება მანჯგალაძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდის იმ იმედით, რომ „ქართველი პურის სანაცვლოდ თავისუფლებას დათმობს“.
„წადი, აიღე იარაღი, აგერ არიან 30 კილომეტრში. 30 კილომეტრში არიან, წადი, თუ რამის თავი გაქვს და გააკეთე. გამომივიდა, ეს პატრიოტი. როდემდე უნდა ატყუოთ ეს ხალხი, ვინ ხართ თქვენ, უსამშობლო, უჯიშო ხალხი ხართ. რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულზე გინახავს სხვა დროშა?“ - მიმართა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.
სიტყვიერი შეკამათება სხდომათა დარბაზში მამუკა მდინარაძესა და პაატა მანჯგალაძეს შორის ყაველაშვილის ამ განცხადების შემდეგ მოხდა.
ამასთან, მანჯგალაძემ მდინარაძეს კითხვით მიმართა, რომ „ივანიშვილის ხსენება შეურაცხყოფაა?“
თავის მხრივ, „ქართული ოცნების დეპუტატმა, ოპოზიციონერ დეპუტატს ასე უპასუხა: „შეურაცხყოფას თავი დაანებე! ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე! ნუ ტლიკინებ!“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის უკმაყოფილება გამოიწვია პაატა მანჯგალაძის მიერ მმართველი პარტიისადმი დასმულმა შეკითხვამ - „ქართული ოცნების“ გაგებით, „რას ეფუძნება საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, პუტინის კუდის ქიცინს, ლაქიობას, თუ ევროპას და ნატო- ს?“
მდინარაძემ პაატა მანჯგალაძეს „მოღალატე“ უწოდა.
მდინარაძის შემდეგ უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პაატა მანჯგალაძეს მიმართა და „წესიერად ლაპარაკისკენ“ მოუწოდა.