უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა :
„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში", - განაცხადა ჯეიმს კლერლიმ. "ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ," - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა და ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.