თუ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებსა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ ვერთვებით როგორც მხარე, ეს ჩვენი ინტერესით არის განპირობებული - საქართველოს პრემიერ მინისტრი ამის შესახებ საუბრობს, რასაც არც ერთი სიტყვა არ შეიძლება გამოაკლო და დასამატებელიც არაფერია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ფსკერს ჩასცდა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციასა და აგრესიაზე არ საუბრობს.
„რეალურად, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია. ზოგს არ უნდა, რომ ეს დაიჯეროს, თუ სიღრმისეულად არ იცნობს საკითხებს, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს - რუსეთის აგრესია მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ დანაშაულებრივმა შეცდომებმა და ალბათ, მოღალატეობრივმა პოზიციამ, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებას გააჩნდა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადახია საგზაო რუკა, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს გააჩნდა და რომელსაც საკმაოდ მაღალი ინტენსივობით და შედეგიანობით მივყვებოდით. 2006 ივლისიდან მოყოლებული იმდენი საოცარი და საეჭვო ე.წ. შეცდომებია დაშვებული, რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ, თუ არა იმას, რომ აქ კონსპირაცია არსებობდა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.