უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.
ორბანის განცხადებით, უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ, რაც მათი საქმეა, მაგრამ, მისი თქმით, ცნობილია, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, რომელიც თავს იცავს.
„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, - აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, რთულია იყო ერთადერთი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში, რომელიც მშვიდობის მომხრეა, მაგრამ „თუ უნგრელი ხარ, უნდა იბრძოლო იმისთვის, რაც სწორია“.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ სანამ ის ხელისუფლებაშია, უნგრეთი რუსეთთან ომში არ ჩაერთვება.