უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კატასტროფად აფასებს.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ომის კიდევ ერთი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს.
„რუსეთმა კახოვკკას კაშხალი გაანადგურა, რამაც გამოიწვია ევროპაში ალბათ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, რომლებსაც დატბორვა ემუქრება. მომხდარის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია.