უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის თანახმად, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა.
„ეს არის წინასწარი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი შემოწმდება. ეს [ნაწილი] იქ არის ლოკალიზებული და, შესაბამისად, არის წინასწარი ინფორმაცია, რომ ესენი არიან 205-ე მოტომსროლელი ბრიგადის წარმომადგენლები. შევამოწმებთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისათვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს. ხერსონის რეგიონალურ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 742 ადამიანი.