ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს

ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დაასრულეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„კურსის დახურვის ცერემონია საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მონაწილეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა, მალხაზ მერლანმა და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა, ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

კურსის ძირითადი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების სამთო-ტექნიკურ მომზადებას დაეთმო. სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კლდეზე ცოცვის, სამთო აღჭურვილობის მოხმარების, ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, მდინარის გადალახვის, მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის, კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო ხერხები და ტექნიკა შეისწავლეს.

ღონისძიების დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში