გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების განთავსების ადგილებზე, მათ შეიარაღებასა და ტექნიკაზე ათობით საავიაციო, სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა განახორციელა. კერძოდ, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მართვის პუნქტები და საარტილერიო ქვედანაყოფები.
უფრო კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.
„უკრაინის სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ იერიში მიიტანა ოკუპანტის მართვის ხუთ პუნქტზე, ცოცხალი ძალის თავის მოყრის ექვს რაიონზე, გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რვა საარტილერიო დანაყოფი“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა განახორციელა შვიდი სარაკეტო (ორი უმანზე) და 43 საავიაციო დარტყმა. არიან დაშავებულები.
„სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მომავალშიც მაღალი რჩება“, - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.