Politico - ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და ანჯეი დუდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის საკითხს განიხილავენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ორშაბათს პარიზში გაემგზავრებიან და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ყურადღება გამახვილდება ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სწრაფვაზე და მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე.

Politico წერს, რომ გასულ კვირას მაკრონმა ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლისას მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას „მტკიცე, კონკრეტული და ხელშესახები“ უსაფრთხოების გარანტიები მისცენ და განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა შესთავაზოს „ნატო-ში გაწევრიანების გზა“.

„თუმცა, როგორც ჩანს, შოლცმა უფრო ფრთხილი შენიშვნა გააკეთა და გასული კვირის ხუთშაბათს თქვა, რომ აქცენტი წევრობაზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია „ჩვენ, ინდივიდუალურად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - წერს Politico.

ამასთან, პოლონეთი არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები მიეცეს. სამშაბათს, ანჯეი დუდა შეხვდა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წევრი ქვეყნების რამდენიმე ლიდერს, რათა განეხილათ უკრაინის ომი და მისი მოთხოვნა ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფართო გაგება, რომ უკრაინა ვერ შეძლებს გაწევრიანებას, სანამ ის რუსეთთან ომშია, ნატო-ს წევრები ორად არიან გაყოფილი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხონ გაწევრიანებისადმი უკრაინის ამჟამინდელ სწრაფვას“, - წერს Politico.

გამოცემის ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები შეხვედრაზე სხვა საკითხებსაც განიხილავენ, მათ შორის, ევროპის სუვერენიტეტსა და თავდაცვას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს