იაპონია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში დახმარების გაწევის მიზნით უკრაინას 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„შეუძლებელია სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ელექტროსადგურებზე მიყენებული ზიანის გამართლება. ჩვენი ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის“, - აღნიშნულია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ უკრაინისა და იაპონიის ლიდერების საუბრის შემდეგ გაავრცელა.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის მიზნით უკრაინას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს ლატვიაც.
„ლატვია ურყევი რჩება უკრაინისადმი მხარდაჭერაში. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას გამოეყოს 200 000 ევრო, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით“, - წერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში „ტვიტერზე“.