რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, უკრაინელი ომის ტყვეები, მათი შუამავლობით, უნგრეთში გადაიყვანეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყვეების გადაცემა უნგრეთმა მოითხოვა, რადგან ისინი იმიერკარპატების, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოლქიდან არიან, სადაც ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს.
„უნგრეთის ვიცე-პრემიერის საჯარო განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ რუსეთმა ბუდაპეშტს უნგრული წარმოშობის თერთმეტი უკრაინელი გადასცა“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „არსებითი საუბრისთვის“ დაიბარეს.