რუსული ძალების მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი იუწყება.
მისი თქმით, ქალაქზე იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს.
„განადგურებულია 5-სართულიანი კორპუსი. დაშავებულია 25 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. პირველიდან მეხუთე სართულამდე ბინები იწვის“, - აღნიშნა ლისაკმა.
მისი თქმით, მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს პატიება არასოდეს ექნებათ და ისინი პასუხს აგებენ თითოეულ რაკეტაზე“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.