რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოხალისეთა კიდევ 7 ქვედანაყოფთან კონტრაქტი გააფორმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის განცხადებით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოხალისეთა კორპუსში არსებული ყველა შენაერთი და სხვა ფორმირება გააფორმებს კონტრაქტს თავდაცვის უწყებასთან.
„დღეს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანების ფარგლებში, მოხალისეთა მოიერიშე კორპუსში შემავალ 3 ბრიგადასა და ოთხ რაზმსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომელიც განსაზღვრავს მოხალისეთა საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სამინისტროში დააზუსტეს, რომ კონტრაქტი განსაზღვრავს მოხალისეთა კორპუსების ფორმირებების სამართლებრივ რეგულირებას და საქმიანობას, და ასევე მოხალისეებზე და მათ ოჯახის წევრებზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის ზომების გავრცელებას.