მოლაპარაკების შედეგად, რომელიც თვეები გაგრძელდა, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პირველად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო. ამის შესახებ Welt-ი იუწყება.
ფედერალური მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი, გარე საფრთხეებისგან ქვეყნის უსაფრთხოების სახელმძღვანელო პრინციპებს აყალიბებს.
დოკუმენტში მოცემულია უსაფრთხოების გარემოს ანალიზი და კონკრეტული ზომებისა და შემდგომი პროექტების დასკვნები. აღნიშნულია ასევე, რომ ამ სტრატეგიის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის შეჭრამ უკრაინის ტერიტორიაზე.
სტრატეგიაში ფედერალური მთავრობა აყალიბებს შემდეგ მიზანს: გერმანიამ უნდა მიაღწიოს ნატოს ორპროცენტიან შედეგს „საშუალოდ რამდენიმე წლის განმავლობაში“; გაძლიერებული უნდა იქნას ჯაშუშობასთან, დივერსიებთან ბრძოლა და კიბერუსაფრთხოება; უნდა მოხდეს თავდაცვითი ტექნოლოგიების გაძლიერება ევროპულ დონეზე; შეიარაღების ექსპორტზე კონტროლი უნდა იქნეს ჰარმონიზებული ევროკავშირის ფარგლებში.
სტრატეგიას აქვს უსაფრთხოების პოლიტიკის სამი „ცენტრალური განზომილება“: თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და სტაბილურობა. თავდაცვისუნარიანობის სფერო შეიცავს ბუნდესვერის, სამოქალაქო თავდაცვის და სამოქალაქო დაცვის გაძლიერებას. მდგრადობის კუთხით, უნდა შემცირდეს „ცალმხრივი დამოკიდებულება ნედლეულისა და ენერგიის სფეროში“ და მოხდეს მიმწოდებლებთან ურთიერთობების დივერსიფიცირება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული ხარვეზები 2030 წლამდე ვერ გამოსწორდება და ამისთვის საჭირო არის პრიორიტეტების განსაზღვრა.