რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის ეროვნული უსაფრთხოებით ორმაგი და სამმაგი ფასი გადავიხადეთ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა “ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის” დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა.
“უსაფრთხოება მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს”, - განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, უსაფრთხოება ასევე ცხოვრების, ეკონომიკის საკუთარი ნებით ორგანიზების თავისუფლებას გულისხმობს, პოლიტიკური შეზღუდვებისა და ეკონომიკური დამოკიდებულებების გარეშე.
“ამიტომ ვწყვეტთ რუსეთიდან ენერგიაზე დამოკიდებულებას. რუსული გაზის ყოველი კუბური მეტრისთვის ეროვნული უსაფრთხოებით ორმაგი და სამმაგი ფასი გადავიხადეთ. მომავალში უფრო მეტად ვკონცენტრირდებით უსაფრთხოებაზე, როდესაც საუბარია ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ”, - განაცხადა ბერბოკმა.
მან აღნიშნა, რომ ეს ასევე იმ საკითხს ეხება, თუ ვის ექნება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით ბერბოკმა გაიხსენა, რომ გერმანიის გაზისა და ნავთობის უდიდესი საცავები რუსული “გაზპრომის” საკუთრებაში აღმოჩნდა.