რუსული სარაკეტო შეტევა სწორედ მაშინ მოხდა, როცა აფრიკის ქვეყნების ლიდერები დედაქალაქში ჩამოვიდნენ, პუტინს სურს აჩვენოს, რომ მზად არის უგულებელყოს უცხოელი ლიდერების უსაფრთხოება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი თქმით, პუტინს რეალურად არ აინტერესებს უცხოელი ლიდერების უსაფრთხოება, რადგან სრულ დაუსჯელობას გრძნობს.
„ჩვენ გვახსოვს, რაკეტების ფრენა მაშინაც, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ჩამოვიდნენ უკრაინაში“, - აცხადებს ერმაკი.
შეგახსენებთ, აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში ჩავიდნენ, ხვალ კი რუსეთს ეწვევიან. აფრიკის სამშვიდობო მისია შედგება სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდას ლიდერებისგან. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა ქვეყნის ცაზე 6 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“, „კალიბრის“ ტიპის 6 რაკეტა და 2 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.