პუტინი „ნდობას ამყარებს“ კიევის წინააღმდეგ ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევის განხორციელებით, ზუსტად იმ ფონზე, როდესაც აფრიკელი ლიდერები ჩვენს დედაქალაქში სტუმრობენ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
მისი მტკიცებით, „რუსული რაკეტები არის გზავნილი აფრიკისთვის რომ რუსეთს უფრო მეტი ომი სურს და არა მშვიდობა“.
შეგახსენებთ, აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში ჩავიდნენ, ხვალ კი რუსეთს ეწვევიან. აფრიკის სამშვიდობო მისია შედგება სამხრეთ აფრიკის, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდას ლიდერებისგან. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა ქვეყნის ცაზე 6 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“, „კალიბრის“ ტიპის 6 რაკეტა და 2 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს აფრიკის ქვეყნების ლიდერები თავშესაფარში გადავიდნენ.