რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია. ამის შესახებ მან სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენს სამოკავშირეო სახელმწიფოსთან, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით იმის შესახებ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილს ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიტანდით. ეს მოხდა. პირველი ბირთვული მუხტები გადატანილია ბელარუსის ტერიტორიაზე”, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, „ზაფხულის ბოლომდე, წლის ბოლომდე“ ყველა რუსული ბირთვული მუხტი, რომელიც უნდა გადაადგილებულიყო, ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
„ამ სამუშაოს სრულიად და მთლიანად შევასრულებთ. როგორც შეკავების ელემენტს. რათა ყველას, ვინც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე ფიქრობს, ეს გარემოება არ ავიწყდებოდეს”, - განაცხადა პუტინმა.