აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტისგან ერთი დღის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიქტატორს უწოდებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კერძოდ, ბაიდენმა გაიხსენა აშშ-ს მიერ ჯაშუში ბუშტის ჩამოგდების გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის გამწვავებული დაძაბულობა და განაცხადა, რომ სი ძინპინი ამ დაძაბულობამ დააბნია.
„მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, როდესაც მე ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს ბუშტი ჩამოვაგდე, იყო ის, რომ მან არ იცოდა, რომ იქ იყო. დიქტატორებისთვის დიდი უხერხულობაა, როცა არ იცოდნენ რა მოხდა“, - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ის სი ძინპინსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვა იყო. ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, ბლინკენის თქმით კი, ორივე მხარე ღიაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად.