ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქნება მისი მიღწევების, ან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო.
„არსებობენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ სამიტი ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიული იქნება, საკითხავი მხოლოდ ის არის, იქნება ის ისტორიული მიღწევების გამო, თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო. არსებობს ასეთი ალბათობა? ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, სურს დაიჯეროს, რომ სამიტამდე დარჩენილი კვირები ალიანსს საშუალებას მისცემს, არსებული ხარვეზები შეავსოს და უკრაინა ვილნიუსში ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს მიიღებს. „ლიეტუვა ნატო-ს ერთ-ერთი წევრია და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პოზიცია, ვიცავთ მას, ვეხმარებით უკრაინას ყველა ინსტრუმენტითა და მთელი ძალით“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.