შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე - ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ წელიწადნახევარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ატყუეს - ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა

კარგი და ცუდი დეზინფორმაცია არ არსებობს, რომ თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია, ხოლო დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია - კარგი! - ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რომ წელიწადნახევარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ატყუეს და ჩვენც ტყუილზე გვალაპარაკეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თქმით, რუსული და პრორუსული დეზინფორმაცია ქვეყნის დაყოფასა და შეცდომაში შეყვანას აგრძელებს.

როგორც პაპუაშვილმა ამერიკელი დიპლომატის პასუხად აღნიშნა, დეზინფორმაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის წამებასა და მოწამვლას ეხებოდა, დასავლეთიდან მოდიოდა.

პაპუაშვილის თქმით, ქართულმა NGO-მა, უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ ექსპერტებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ, ამ თემით წელიწადნახევარი ატყუეს.

„პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ეს ის გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ და ამის მხოლოდ რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის. თუ ავიღებთ მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას, როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის მოწამლეს და აწამეს, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა. რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა?! ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე - იყო ამხელა დეზინფორმაციული კამპანია, რაც ვნახეთ კიდეც რომ დაფინანსებული იყო, ამერიკულ და ევროპულ მედიაში ვრცელდებოდა ყალბი სტატიები, გამოდიოდნენ პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, ადამიანები, რომელთაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში იყვნენ ჩართული. ყველა დეზინფორმაცია არის ცუდი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ხშირად არასამთავროებო ორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვიან, ამოცანად აქვთ აღებული, რომ მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციას ებრძოლონ, მაგრამ ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ, როდესაც დეზინფორმაცია დასავლეთიდან მომდინარეობს.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც დეზინფორმაციაზე საუბრობს, არა მხოლოდ რუსულ, არამედ ნებისმიერ დეზინფორმაციაზე უნდა ისაუბროს.

„არცერთმა NGO-მ ამასთან დაკავშირებით ხმა არ ამოიღო და ყველა გაჩუმდა, მათ ქართველი ხალხი არეულობისთვის და ყალბი ნარატივებისათვის გასწირეს. სახალხო დამცველიც ამ ყალბი კამპანიის ნაწილი იყო. მაშინ ყველამ ერთად ქართველი ხალხი წინააღმდეგ პირი შეკრა და ყველა ამ ჯგუფმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება