დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, ის წყვეტს ბრძოლას ნატოს გენერალური მდივნის პოსტის დაკავებაზე. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ტელეარხის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მინისტრის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მის კანდიდატურას მხარს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ უჭერს.
არხის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ნატოს სურს ისეთი კანდიდატის მოძებნა, რომელიც სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური იყო და, სასურველია, რომ კანდიდატი მდედრობითი სქესის იყოს.
Sky News -ის ინფორმაციით, Brexit-ის გამო ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უპირატესობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კანდიდატს ანიჭებს. ასევე საუბარია ნატოს მოქმედი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე კიდევ ერთი წლით, თუმცა თვითონ სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას „ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასრულების გარდა, სხვა გეგმები არ აქვს".