ველნეს ტურიზმის პოტენციალი საქართველოში

ველნეს ტურიზმი, როგორც ბაზრის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ინტერესი ველნეს ტურიზმისადმი მკვეთრად გაიზარდა. თავის მხრივ, ველნეს ტურიზმი განიმარტება როგორც მოგზაურობა, რომელიც ორიენტირებულია მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ფსიქოლოგიური, სპორტული, ნუტრიციოლოგიური და სპირიტუალური მიდგომებით”.

ველნეს ტურიზმი ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული კომპონენტებისგან შედგება, როგორიცაა სპა, მედიტაცია, გამაჯანსაღებელი თერაპიები, სპორტული და სამკურნალო აქტივობები. ტურიზმის ეს მიმართულება უზრუნველყოფს ორგანიზმის რეაბილიტაციას, რეგენერირებას და დეტოქსს, აქვს ანტი-სტრესული ეფექტი, ზრუნავს მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შემსუბუქებაზე.

გამაჯანსაღებელი ტურიზმი ეკონომიკის ერთგვარი გენერატორია - 2022 წლის კვლევის მიხედვით, ველნეს ტურიზმი 50%-ით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინდუსტრიის სხვა მიმართულება და წინასწარი პროგნოზირებით, ბაზარი 2023-დან 2030 წლამდე 12.4%-ით გაფართოვდება.

იმავდროულად, ველნეს ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს საჭირო დაწესებულებებისა და თანამედროვე, სრულად მოწყობილი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინოვაციური ტენდენციების დანერგვას ქართულ რეალობაში.

პოსტ-კოვიდური ტურიზმი და ტურისტის ტიპები

კორონავირუსული პანდემიის შემდეგ, იმატა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა და შესაბამისად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც განტვირთვის, ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გამოკეთების სურვილი გაუჩნდათ.

YouGov-ის კვლევის თანახმად, პანდემიის შემდეგ რეკორდულად გაიზარდა მოგზაურობის მსურველთა რიცხვი - გამოკითხულთა 35%-მა აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ მოგზაურობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

გლობალური ველნეს ინსტიტუტის (GWI) მიხედვით, არსებობს ორი ტიპის ველნეს ტურისტი: პირველადი და მეორეული მოგზაური.

პირველადი მოგზაური: ტურისტთა ეს კატეგორია მოტივირებულია გამაჯანსაღებელი მოგზაურობით. ისინი ორიენტირებული არიან კონკრეტულად ველნეს ტიპის დასვენებაზე, მენტალური, ან ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სამკურნალო, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ რეზორტებზე.

მეორეული მოგზაური: მოგზაურია, რომლის მთავარ ინტერესს ველნესს ტურიზმი არ წარმოადგენს. ამ ტიპის ტურისტის მოტივაცია შესაძლებელია იყოს ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნება, განტვირთვა და რელაქსაცია, რიგითი საქმიანი, ან ოჯახური მოგზაურობის დროს.

უმეტესწილად ველნეს ტურისტები მაღალშემოსავლიანი, გადახდისუნარიანი მოგზაურები არიან, რომლებიც სხვა ტიპის ტურისტთან შედარებით 130%-ით მეტს ხარჯავენ და მათი მობილიზება გამაჯანსაღებელ რეზორტებზე პოზიტიურად ზემოქმედებს როგორც კომპლექსების, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ველნეს კურორტის ტიპები საქართველოში

საქართველო სამკურნალო კურორტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ თავმოყრილი კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსები, კლიმატური ზონები, სამკურნალო მინერალური წყლებისა და ლანდშაფტების ერთიანობა, საუკეთესო პირობებს ქმნის ველნეს ინდუსტრიის განვითარებისთვის.

ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ ბუნებრივი, ხელუხლებელი არეალისა და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, იქცეს გლობალური ველნეს მიმართულების ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად.

საქართველოს სამკურნალო-გამანაჯანსაღებელი ცენტრები რეგიონული მნიშვნელობის ზღვის, სამთო, პელოიდურ კურორტებს აერთიანებს.

საქართველოს ზღვისპირა კურორტები სუბტროპიკული კლიმატით, წყლის სასიამოვნო ტემპერატურითა (+21-29 გრადუსით) და ბუნებრივი გამაჯანსაღებელი თერაპიების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ზღვისპირა კურორტების მთავარი დანიშნულება ზღვისა და საზღვაო ფაქტორების ველნეს დანიშნულებით გამოყენებაა - ამ მხრივ აღსანიშნია ურეკი-გრიგოლეთის ტიტომაგნეტიტური ფრაქციებით გაჯერებული მაგნიტური ქვიშა, რომელსაც საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

ქობულეთის უნიკალური იონიზებური ჰავა, სანაპიროზე გაშენებული ფიჭვნარი და გოგირდოვანი წყლები, ქალაქს იდეალურ დანიშნულების ადგილად აქცევს როგორც დასვენებისთვის, ასევე განტვირთვისა და ორგანიზმის სრულყოფილი რეგენერაციისთვის. ქობულეთის სანაპიროები საუკეთესოა ნერვული, რესპირატორული, ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლების სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად.

საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე პოპულარულია ისეთი ველნეს პროცედურები, როგორიცაა აეროთერაპია - ზღვის ჰაერის ბუნებრივი ათვისება და ჰელიოთერაპიას - მზის აბაზანების მიღება.

სამთო კურორტები ცივი ზამთრითა და უნიკალური ჰავით გამოირჩევა - მათ პროფილაქტიკური მიზნით სტუმრობენ, გაკაჟებისა და იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზმისთვის.

საქართველოს სამთო კურორტების დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ქრონიკული ბრონქიტის, რაქიტის, ბრონქული ასთმის, ანემიის მკურნალობას. საირმის და ბორჯომის მინერალური წყლები შესანიშნავად გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

სუფთა ჰაერისა და მზის ულტრაიისფერი სხივების ამგვარ კონცენტრაციას აქვს მატონიზირებელი ეფექტი ორგანიზმზე, აუმჯობესებს მიკროცილკულაციას, სისხლის მიმოქვევას, ანადგურებს ბაქტერიულ დაავადებებს.

საქართველოს პელოიდური კურორტები ეწოდება იმ ადგილებს, სადაც სამკურნალო ტალახებს (პელოიდებს) სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დანიშნულებით იყენებენ. მკურნალობის ამ მეთოდს უმეტესწილად კუმისსა და ახტალაში მიმართავენ.

კუმისის ფსევდოვულკანური წარმოშობის მაღალხარისხოვანი სამკურნალო ტალახი, ადგილობრივი ხელოვნული ტბის ფსკერიდან მოიპოვება და გამოიყენება გინეკოლოგიური დაავადებების, ნეფრიტის, ცისტიტის, ქრონიკული ჰეპატიტისა და გასტრიტის სამკურნალოდ, ასევე მას აქტიურად იყენებენ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გამაჯანსაღებელ პროცედურებშიც.

ახტალას ტალახებით დერმატოლოგიურ, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ, ძვალ-სახსროვან დაავადებებს მკურნალობენ. ადგილობრივი სამკურნალო ტალახები გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ნაწიბურების მოსარჩენად და დერმატოლოგიური პროცედურებისთვის, როგორიცაა ფსორიაზის და ეგზემას მკურნალობა.

ველნეს კურორტების მნიშვნელობა

ველნეს ინდუსტრია გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი და დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებაა - მისი ზრდის ტემპი, სხვა მიმართულებებს შორის, ყველაზე მაღალია. “გლობალური ველნეს ტურიზმის ბაზრის” 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო გამაჯანსაღებელი ტურიზმის ბაზარის ღირებულება ამ ეტაპზე 880 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც, წინასწარი პროგნოზირებით, 2033 წლისთვის 2.3 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

საქართველოს მრავალფეროვან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტებს, აქვთ საშუალება მოიზიდონ კიდევ უფრო მეტი მაღალშემოსავლიანი მოგზაური, რომლებიც დასვენებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ველნეს კურორტებზე ღირებულ ინვესტიციას განახორციელებენ.

ტურიზმის ინდუსტრიის ამ მიმართულების განვითარება უზრუნველყოფს საქართველოს ჯანდაცვის ხელშეწყობას, სერვისებისა და ლოკაციების პოპულარიზაციას, ველნეს დაწესებულებებისა და ინფრასტრუქტურის შექმნასა თუ განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

(R)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა