ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაში უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეული პროგრესის შუალედურ ზეპირ შეფასებას და იზიარებს იმედს, რომ საქართველო სტრატეგიულ კურსს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა კოორდინატორის, ანა ფოტიგას განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ სტოკჰოლმში წარდგენილი შეფასება ადასტურებს, რომ სამი ქვეყანა სწორ გზაზეა და რომ ევროკავშირი უკვე უნდა მოემზადოს მიესალმოს მათ, როგორც ახალ წევრებს, რაც შეიძლება მალე.
„ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი სისტემების ადაპტაციისა და საჭირო რეფორმების დანერგვის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება სამივე ქვეყანაში, რათა შენარჩუნდეს პოზიტიური შეფასება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელს დაიწყოს. მივესალმებით უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, - აცხადებს ფოტიგა.
ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რასაც საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეებში შევესწარით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი საქართველოს ხელმძღვანელობის ჭეშმარიტი პრიორიტეტი იქნება. ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ანა ფოტიგას თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას.
„მოხარული ვარ საქართველოს ყოველი ნაბიჯით, რომელსაც გადადგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თუმცა, საფრთხეებისა და გამოწვევების სიდიდე მოითხოვს ყველა ჩვენგანის - პოლიტიკოსის, ოფიციალური პირის, მედიისა და საზოგადოების გაბედულ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვფოკუსირდებით. ჩვენ ვცხოვრობთ გამოცდებით სავსე დროში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. მტკიცედ მჯერა, რომ ავაშენებთ აყვავებულ მომავალს არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან, არამედ საქართველოსთან ერთადაც“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.