რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, რითაც რუსეთში „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებულ ამბოხების მცდელობას გამოეხმაურა.
„შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიბრუნებს უკრაინა, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
„ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიას დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება, „რათა ისტორია არ განმეორდეს“.
„ვგმობთ რუსეთის განცხადებას ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო. ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.