უკრაინის მოთხოვნით, სტამბოლის აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას დაკავებას შეეცადნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მომხდარის დეტალები ზუსტდება. ამასთან, „აფხაზია-ცენტრი“ წერს, რომ ინფორმაცია საეჭვოა.
„სავარაუდოდ, თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მინისტრი აეროპორტში გარკვეული დროით შეაჩერა, შემდეგ კი გამგზავრების ნებართვა მისცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ცნობებით, „ვიზიტის“ ფარგლებში ინალ არძინბა შეხვდა პარტია "სამშობლოს" ლიდერს დოღუ პერინჩეკს, თურქეთის დეპუტატს ტალიჰ ჰვატიშს (ოზჩანი), რუსეთის ელჩს თურქეთში ალექსეი იერხოვს.
„აფხაზია-ცენტრი“ , ასევე, წერს, რომ 2015 წლიდან არძინბას უკრაინაში ეძებენ „სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვისა და სეპარატისტული დანაყოფების შექმნისთვის“. მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ არძინბას შესახებ მასალები ინტერპოლს გადასცა.