რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი 2017 წლიდან “ვაგნერის” საპატიო წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი რუსულ საგამოძიებო ჯგუფზე “ცენტრ დოსიეზე” დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, CNN-თან გაზიარებული დოკუმენტებიდან გამომდინარე გენერალი სუროვიკინი, ისევე როგორც 30-ზე მეტი რუსი გენერალი და მაღალჩინოსანი “ვარგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის საპატიო წევრები იყვნენ.
დანარჩენთა ვინაობები ჯერ არ ვრცელდება.
აღინიშნება, რომ 2018 წელს სუროვიკინს “ვაგნერისგან” პირადი სარეგისტრაციო ნომერიც გადაეცა - M-3744. გამოცემა აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ იღებდა თუ არა სუროვიკინი “ვაგნერისგან” ფულს, თუმცა ამდენი მაღალი დონის რუსი სამხედროს “ვაგნერის” საპატიო წევრობა იმაზე მიანიშნებს, რომ რუს სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანიას შორის ახლო კონტაქტი ჰქონდათ.
ცნობისთვის, სუროვიკინი გასული კვირიდან საჯაროდ არ გამოჩენილა და ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იგი დაკავებულია.