უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი ჰააგაში აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის (ICPA) გახსნას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის აგრესიის დანაშაულის დაუსჯელობის დასასრულის დასაწყისი.
„დადგა დიდი ხნის ნანატრი დღე: აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი ოფიციალურად იწყებს მუშაობას! ეს არის აგრესიის დანაშაულის დაუსჯელობის დასასრულის დასაწყისი. დღეიდან უკრაინელი პროკურორები ჰააგაში იმუშავებენ. ICPA-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის - ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ მსოფლიო ერთიანი და მტკიცეა პასუხი აგებინოს რუსეთის რეჟიმს მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის: აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულებისთვის“, - აღნიშნულია გენერალური პროკურორის განცხადებაში.
მისი თქმით, აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი იქნება ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც გააძლიერებს აგრესიის აკრძალვის სამართლებრივ მექანიზმებს.
„სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არქიტექტურაში არის ხარვეზი აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი იქნება ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც გააძლიერებს აგრესიის აკრძალვის სამართლებრივ მექანიზმებს, შეავსებს და გააძლიერებს ამ არქიტექტურას. გულწრფელად მადლობელი ვართ თითოეული პარტნიორის, ვინც წვლილი შეიტანა ცენტრის შექმნაში. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას. ეს ნიშნავს აგრესორის - რუსეთის გარდაუვალ დასჯას, რომელმაც ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომი წამოიწყო და ყოველდღიურად განაგრძობს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევას“, - აღნიშნულია განცხადებაში.